ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეშფოთებას გამოხატავს 2019 წლის 11 დეკემბერს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მიერ არასრუწლოვნის მიმართ სავარაუდოდ განოხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით, რასაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა მოჰყვა.
„პრობლემურია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრული ის მოთხოვნა, რომლითაც სავალდებულო დაცვას არ ექვემდებარება არასრულწლოვანი მოწმე. აღნიშნულ რეგულაციას ბოროტად იყენებენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. დანაშაულის სწრაფად და მარტივად გახსნის მიზნით არასრულწლოვნის გამოკითხვას ახდენენ ადვოკატის მონაწილეობის გარეშე და აიძულებენ დანაშაულის აღიარებას.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები ხელოვნურად აჭიანურებენ არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესში საპროცესო/კანონიერი წარმომადგენლის ჩართვას. მაქსიმალურად ცდილობენ, პირისპირ მარტო დარჩნენ ბავშვთან და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მიიღონ ბავშვების მხრიდან დანაშაულის აღიარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პოლიციის თანამშრომელთა მიერ არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ძალადობა ინდივიდუალურ შემთხვევებს სცდება და სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ეფექტურად გაატარონ შემდეგი ღონისძიებები:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს:
- დროულად და ეფექტურად გამოიძიოს პოლიციის თანამშრომელთა მიერ არასრუწლოვნის მიმართ სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.
- მისთვის გადაცემული ბავშვის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანის საქმე გამოიძიოს დროულად და ეფექტურად.
საქართველოს გენერალური პროკურატურას:
- საქმე, რომელზეც გამოკითხული იყო არასრულწლოვანი, გამოსაძიებლად დაექვემდებაროს პროკურატურას.
საქართველოს პარლამენტს:
- უზრუნველყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, რითაც სავალდებულო დაცვა აგრეთვე გავრცელდება არასრულწლოვან მოწმეზე.