დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინეთ აგრესიული ჯგუფების ქმედებებზე - საია უწყებებს

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება ,,ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისების გახსნასთან დაკავშირებულ პროტესს და პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი და მუქარის შემცველ განცხადებებს. ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ აგრესიული ჯგუფის მხრიდან მუქარისა და ძალადობის შემთხვევებზე.

„საგულისხმოა, რომ მათი წევრების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა ოკუპანტი ქვეყნის მიმართ დადებითი განწყობის გამომვლენი განცხადებები. აგრეთვე, ამ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს ჩადენილი მასშტაბური ძალადობა მიმართული იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის, საქართველოს მიერ არჩეული დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური კურსის საზიანოდ. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ კი საზოგადოებაში კიდევ უფრო იმატა „კონსერვატიული მოძრაობის“ მიმართ ლეგიტიმურმა პროტესტმა.

2022 წლის 3 მარტს მესტიაში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან, ადგილობრივ ახალგაზრდებსა და რადიკალური ჯგუფის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებდნენ მესტიის პოლიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილობრივების თქმით, ჩხუბის განეიტრალებას ცდილობდნენ, თუმცა იქვე არავინ დაუკავებიათ. მოგვიანებით, „ალტ-ინფოს“ ლიდერები მესტიაში მომხდარზე უფრო აგრესიული ანგარიშსწორებით დაემუქრნენ სხვა რეგიონებში პარტიის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებს, რომლებიც მათი ოფისების დახურვას ითხოვდნენ.

14 მარტს, მარნეულში, ,,კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნის მიმართ სამირა ბაირამოვას არაძალადობრივ პროტესტს, ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვას, რადიკალური ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა. მართალია, ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო, თუმცა პასუხისმგებელი პირების გამოვლენა ამ დრომდე არ მომხდარა. ამასთან, ვინაიდან მუქარის საფრთხე ჯერ კიდევ სრულყოფილად არ აღკვეთილა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და სამირა ბაირამოვას დაზარალებულად ცნობა, ასევე დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრის მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები ასევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთში პარტიის ოფისის გახსნის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა. დაპირისპირება მოხდა ქობულეთშიც, როდესაც პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები და „ალტ-ინფოს“ წევრები.

რადიკალური ჯგუფები ძალადობრივ დამოკიდებულებას იჩენენ არამხოლოდ აქციების მონაწილეების და პროტესტის გამომხატველების, არამედ მედიის წარმომადგენლების მიმართაც. „ალტ-ინფოს” მხარდამჭერები აგრესიული განცხადებებითა და ჟურნალისტთან სატელეფონო ზარებით გამოეხმაურნენ საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge-ის მიერ გურჯაანში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნის, ასევე ამ პარტიის საქმიანობის უფლების შეჩერების მოთხოვნით პეტიციის შექმნის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას. ზუგდიდში „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან თავს დაესხნენ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ კორესპონდენტს და ოპერატორს, რაზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

ხაზგასასმელია, რომ ამ ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული მასშტაბური ძალადობის საქმეებზე მხოლოდ პირთა მცირე ნაწილის პასუხისმგებლობაა გამოკვეთილი და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების თაობაზე საჯარო წყაროებში არსებული არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, დღემდე არ წარდგენია ბრალი ძალადობის არცერთ ორგანიზატორს. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება ამცირებს გამოძიების მიმართ ნდობას და ახალისებს რადიკალური ჯგუფების ქმედებებს. ამაზე მიუთითებს ბოლოდროინდელი ძალადობრივი შემთხვევებისა და მუქარის შემცველი გზავნილების სიმრავლეც.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს:

► დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ აგრესიული ჯგუფის მხრიდან მუქარისა და ძალადობის შემთხვევებზე;

► სათანადო ზომები გაატარონ მუქარისა და ძალადობის ადრესატი პირების უსაფრთხოების დასაცავად;

► გააკეთონ მკაფიო განცხადება, რომ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი”, – წერს საია.