დუბრავკა შუიცა: ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს რეპრესიები, გაათავისუფლოს დაკავებულები

პუბლიკა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში მიმდინარე სხდომაზე საქართველოს საკითხზე ისაუბრა და ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი დაკავებები და დარბევები განიხილა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის დაფინანსების ხელისუფლებიდან სამოქალაქო სექტორისკენ გადამისამართებით.

„უკვე თითქმის სამი კვირაა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ, რათა დაიცვან დემოკრატიული უფლება და ევროპული მომავალი. ეს უპრეცედენტო პროტესტები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც აშკარა ცვლილებას წარმოადგენს წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან და მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებებისგან. ეს, ასევე, პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანა, რომელმაც კანდიდატის სტატუსი მიიღო, დაუყოვნებლივ დაშორდა თავის ევროპულ გზას.

საქართველოში სიტუაცია უარესდება. ბოლო სამი კვირის განმავლობაში 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 300-მა განიცადა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა, ბევრ მათგანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით, ხოლო 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. მაშინ, როცა არ არიან დასჯილი არც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და არც არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წევრები. ეს მოვლენები იზოლირებული შემთხვევები არ არის, არამედ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ფართო და მზარდი სურათის ნაწილია.

დრო იყო ევროკავშირს ემოქმედა გადამწყვეტი და ერთიანი პოზიციით – ეს ის არის, რასაც საქართველოს მოქალაქეები ჩვენგან მოელიან. ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა და ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს რეპრესიები, გაათავისუფლოს დაკავებულები და დაუბრუნდნენ გაწევრების პროცესს. გუშინ ჩვენ შევთანხმდით სავიზო რეჟიმის დაწესებაზე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ასევე, განვიხილეთ საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების დასანქცირება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში. ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის დაფინანსების ხელისუფლებიდან სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიაზე გადამისამართებით“, – განაცხადა მან.