დუდა: მჯერა, რომ არჩევნების საერთაშორისო გამოძიება საჭიროა

პუბლიკა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგება, არ გამორიცხავს საქართველოში ვიზიტს. ამასთან, ის საუბრობს 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე.

„თუ იქნება ვითარება, რომ ამის საჭიროება იყო, განვიხილავთ [ვიზიტს]. საქართველოს პრეზიდენტმა და მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებმა გააკეთეს მოწოდებები საერთაშორისო გამოძიებაზე. მეც მჯერა, რომ ასეთი გამოძიება, რათა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოთქმული მოსაზრებების სრული გამორკვევა, საჭიროა”, – განაცხადა დუდამ.

დუდას თქმით, როცა სალომე ზურაბიშვილი ერთი თვის წინ პოლონეთში ვიზიტით იმყოფებოდა, საქართველოს პრეზიდენტთან ზოგად სიტუაციაზე ისაუბრა.

„მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” სავარაუდოდ გაიმარჯვებდა, თუმცა არა იმ უპირატესობით, რომ დამოუკიდებლად შესძლებოდათ მართვა. შედეგები, რაც გამოცხადდა, აშკარა წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც პრეზიდენტმა მითხრა”, – აღნიშნა მან და თქვა, რომ ზურაბიშვილს ტელეფონით გუშინაც ესაუბრა, რა დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შედეგები არის დამახინჯებული.

ცესკოს მიერ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს მოწოდებები დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ გამოვლენილ დარღვევებზე და აღნიშნავენ, რომ საჭიროა მისი დაუყოვნებლივ აღმოფხვრა. გამოძიების საჭიროებაზე საუბრობს სახელმწიფო დეპარტამენტიც. პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს კონსულტაციები ევროპულ ქვეყნებთან, რათა იმსჯელონ, გამოძიების ჩასატარებლად რომელი ორგანო იქნება შესაფერისი.