რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა ჰომოფობიურ კანონპროექტებს, რომელთა მიხედვითაც ე.წ. გეი პროპაგანდის შეზღუდვის შესახებ არსებული კანონი გამკაცრდება და გაფართოვდება. მიღების შემთხვევაში, კანონი ყველა ასაკის ადამიანზე გავრცელდება – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კანონპროექტით, „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის მაღალი ჯარიმები დაწესდება.
კანოონპროექტის თანახმად, ინფორმაცია „არატრადიციული ცხოვრების წესის“ ან „ოჯახური ფასეულობების უარყოფის“ შესახებ იურიდიულად განიხილება ისე, როგორც პორნოგრაფია, ძალადობის ხელშეწყობა ან რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება.
ოფიციალურმა პირებმა ეს საკითხი დასავლეთთან ცივილიზაციურ ღირებულებებზე უფრო ფართო ბრძოლის ნაწილად წარმოაჩინეს და უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას დაუკავშირეს.
კანონპროექტი ასევე კრძალავს „პედოფილიის პროპაგანდას“, რომელსაც რუსეთის მთავრობა ხშირად უკავშირებს ჰომოსექსუალობას [თუმცა სინამდვილეში სექსუალურ ორიენტაციასთან პედოფილიას არანაირი კავშირი არ გააჩნია].
კანონის გამკაცრება და გაფართოება მოიცავს კიდევ ერთი ელემენტის აკრძალვას – იმ სახის ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც კანონპროექტის აზრით, შესაძლოა „არასრულწლოვნებს სქესის შეცვლისკენ უბიძგოს“.
ამოქმედების შემთხვევაში, კანონი საშუალებას იძლევა დაიბლოკოს ინტერნეტში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განიხილავს ლგბტ თემებს, ასევე აიკრძალოს ისეთი ფილმები, სადაც გეი პერსონაჟები პოზიტიურად არიან წარმოჩენილი.
უფლებადამცველები და ლგბტ ჯგუფები აცხადებენ, რომკანონის გაფართოება ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქმედება ან ერთნაირსქესიანი წყვილების საჯარო ხსენება კრიმინალიზებული იქნება.
მასშტაბური აკრძალვა ასევე გავრცელდება რეკლამებსა და წიგნებზე – როგორც არამხატვრულ, ისე მხატვრულ ნაწარმოებებზე. ამ საკითხმა გამომცემელთა შეშფოთება გამოიწვია, ისინი ცენზურის რისკებს ხედავენ და აღნიშნავენ, რომ ეს რისკები, შესაძლოა, რუსული ლიტერატურის კლასიკოსებსაც შეეხოს.
კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ვლადიმერ პუტინამდე იგი პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს.
ორშაბათს, პოლიტიკოსებმა სათათბიროში მოისმინეს კანონის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის პრეტენზია, რომ თითქოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ლგბტ ადამიანების შესახებ ინფორმაციის გაზიარება დასავლეთის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია.
პარლამენტის საინფორმაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხინშტაინმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინაში შეიჭრნენ, იქ ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად იბრძოდნენ. მან კოლეგებს ანიმაციური სერიალების – „პეპა ღორისა“ და South Park-ის ფოტოები წარუდგინა, როგორც „ჰიბრიდული ომის“ მაგალითები.
ახალ კანონპროექტს მხარი დაუჭირა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილმაც. მან რუსეთის ომი უკრაინაში წარმოაჩინა, როგორც ბრძოლა პროდასავლური გეი პრაიდის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.