მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებით, დოკუმენტი, რომელზეც გუშინ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა დუმაში გამართულ სხდომაზე ისაუბრა, „სირცხვილიას“ აქტივისტის შედგენილია და ვოლოდინმა ყალბი დოკუმენტი ნამდვილად მიიჩნია.
გუშინ დუმის სხდომაზე ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლისას ავალდებულებენ, რუსეთი აღიარონ საოკუპაციო რეჟიმად. ვოლოდინმა განაცხადა, რომ მას ხელთ ჰქონდა ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„სირცხვილიას“ განცხადებით, აღნიშნული “დოკუმენტი” შექმნა „სირცხვილიას” აქტივისტმა და გააგზავნა ტელეგრამ ჩატში სახელწოდებით „ზემო ლარსი – ჩატი”. ფორმა სპეციალურად იყო შედგენილი ორთოგრაფიული შეცდომებით და ის რამდენიმე წუში რუსების ჩატიდან წაიშალა, აქტივისტი კი დაიბლოკა.
რა თქვა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა პლენარული სხდომის დროს?
დუმის სხდომაზე ვოლოდინმა განაცხადა, რომ, ვინც ამ დოკუმენტს ხელს აწერს „მათ უკვე გვიღალატეს“
„აი, ახლახან ნიკოლაი კოლომეიცევმა გადმომცა დოკუმენტი, რომლის ხელმოწერასაც სთხოვენ მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარს კვეთს – განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმად ცნობის შესახებ. თუ ეს ასეა და ჩვენი მოქალაქეები ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის დანაშაული. უნდა გავერკვეთ ამაში, რადგან პირველი პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა არის აგრესორი. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა.
მეორე პუნქტი აღიარებს, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია. მესამეში აღიარებულია, რომ სეპარატიზმის ხელშეწყობის დროს ჩადენილი იყო ეთნიკური წმენდა. მეოთხე გმობს რუსეთის ყველა სამხედრო მოქმედებას დამოუკიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ და ა.შ. რა არის ეს? იქნებ, ვინც გაიქცა და ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, კარგია, რომ წავიდნენ? მათ არ უნდა დავეყრდნოთ, მათ უკვე გვიღალატეს, თუმცა ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ ჩაიდინეს მრავალი დანაშაული თავიანთი ქვეყნისა და ერის წინაშე. უკან დაბრუნებას თუ დააპირებენ, დაისჯებიან. მოდით, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებს დავავალოთ, გაერკვნენ ამაში. თუ ეს ასეა, უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია და მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ხელმომწერებს ელოდებათ „თბილი“ მიღება“, – განაცხადა მან.