რუსეთის დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ანდრეი ლუგავოის განცხადებით, „ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შესაძლოა სასარგებლო ნაბიჯი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, რადგან აღნიშნული საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ ჩამოართვას პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა“. აღნიშნული განცხადება, ლუგავოიმ გამოცემა „რიდუსთან“ გააკეთა.
ლუგავოის განცხადებით, საქართველოში არსებული კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ დასავლურ კანონებთან შედარებით ლიბერალურია და აგენტების რეგისტრაციას შედარებით მშვიდ პირობებში ითხოვს.
„საქართველოში უცხოელი აგენტების კანონს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია აღინიშნოს: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არსებულ მსგავს კანონებთან შედარებით, ქართული კანონი, ძალიან, რბილად რომ ვთქვათ, ლიბერალურია და უცხოეთის აგენტების რეგისტრაციას შედარებით მშვიდი პირობებით მოითხოვს. თუ წერა-კითხვაში გაწვრთნილი ადამიანები ამას ვერ ხედავენ, მაშინ დიდი ალბათბით, ისინი მოქმედებენ ანგლო-საქსების წაქეზებით. საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტია“, – განაცხადა ანდრეი ლუგავოიმ.
ლუგავოიმ აღნიშნა, რომ ქართველებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეადარონ, როგორ მოიქცა რუსეთი ბოლო წლებში და როგორ იქცევიან დასავლეთის ქვეყნები, რომლებსაც ლუგავოი „არამეგობრულს“ უწოდებს.
„რუსებს უყვართ ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო, ქართული ღირსშესანიშნაობები და გარდა ამისა, ჩვენ ერთიანი მართლმადიდებლური რელიგია გვაერთიანებს, ახლა ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეადარონ, როგორ მოიქცა რუსეთი ბოლო წლებში და როგორ მოიქცნენ ეს არამეგობრული ქვეყნები. ვფიქრობ, ახლა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაინახავენ უპატივცემულო დამოკიდებულებას მათი და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, – ამბობს ლუგავოი.