„დურუჯის" ლაურეატებმა ლაშა პაპაშვილს სხვადასხვა დროს მიღებული ჯილდოები დაუბრუნეს

პუბლიკა

თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს დაუბრუნეს ჯილდოები, რომლებიც სხვადასხვა დროს თეატრალური პრემია „დურუჯის“ ფარგლებში მათ ნამუშევრებს მიენიჭა.

დურუჯი“ 2008 წელს ლაშა პაპაშვილმა დააფუძნა. ბიზნესმენი დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს.

პრემია „დურუჯის“ ლაურეატებმა ლაშა პაპაშვილს მიმართეს:

„ჩვენ მოვისმინეთ 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასული თქვენი ინტერვიუ, რომელიც სავსეა აზრსა და სიმართლეს მოკლებული განცხადებებით. თქვენ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებთ, ხოლო ოლიგარქ ივანიშვილს აცხადებთ ისტორიულ ფიგურად და ამბობთ, რომ მან ქვეყანას ომი აარიდა.

სინამდვილეში ოლიგარქმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ქართული თეატრს და იმ ხელოვანებს, რომელთა უმრავლესობაც თქვენ მიერ დაარსებული პრემია „დურუჯის“ ლაურეატია.

დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ თქვენი ინიციატივით წლების განმავლობაში იმართებოდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება იყო და გამოარჩევდა სეზონის საუკეთესო თეატრალურ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მწვავე სოციალური თემატიკით, ფორმისეული სიახლითა და პოლიტიკური გამბედაობით.

ამ პრესტიჟული პრემიის მიღება საპატიო და სასიხარულო იყო ჩვენთვის, თქვენ კი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელოვნებო პროცესის მხარდამჭერად წარმოგაჩენდათ. სწორედ იმ ხელოვნების, რომლის ავტორებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, უკანონოდ დააკავეს, დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და შეულახეს ღირსება.

ჩვენი ორი კოლეგა ახლაც დაპატიმრებულია და განაჩენს ელოდება.

მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე კავშირის ქონა ყველა იმ პირთან, რომლებიც მხარს უჭერენ ძალადობას და არ იცავენ ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, უკან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ნამუშევრებს მიანიჭეთ.

პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია.

ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოს, რომლის ეკვივალენტსაც ახლა ვაგროვებთ, რათა გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში გადავრიცხოთ.

საქართველოს მომავალი ევროპაშია!

არა მოძალადე რეჟიმს!

მოვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს!

თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.

განცხადება რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა წაიკითხა.

ლაშა პაპაშვილს გაცემული ჯილდოები დაუბრუნეს:

  • დავით გაბუნია;
  • მიხეილ ჩარკვიანი;
  • სანდრო ნიკოლაძე;
  • გია სურმავა;
  • თორნიკე გოგრიჭიანი;
  • დათა თავაძე;
  • ნატუკა კახიძე;
  • ალექს ჩიღვინაძე;
  • თამთა მელაშვილი;
  • ქეთა შათირიშვილი;
  • დათო საყვარელიძე;
  • ლაშა ბუღაძე;
  • კახა კინწურაშვილი;
  • თამრი ოხიკიანი;
  • გეგა გაგნიძე;
  • პაატა ციკოლია;
  • ოთარ ქათამაძე;
  • ნინო კასრაძე;
  • ანკა კალატოზიშვილი.