დუშეთში ჩვილის 5 000 დოლარად ყიდვა-გაყიდვისთვის მშობლები და მყიდველი დააკავეს - სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დუშეთში დააკავეს სამი პირი, რომლებიც ჩვილის ყიდვა-გაყიდვაში მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა.

„მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიჰყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა, რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, სუს-ის ცნობით, ამ დროს მოხდა მათი დაკავება”, – წერს სუსი.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.