„ძალა ერთობაშია“ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება - კორძაია

პუბლიკა

„ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიცია“ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„გაერთიანებული ოპოზიცია ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს და დემოკრატიის ფასადის შექმნაში არ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ არჩევნების ფაქტი, ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვინგრია და წაგვართვა ევროპული არჩევანი, იმიტომ, რომ ვერ შეეგუა იმ პერსპექტივას, რომ საქართველოს მოქალაქეების ნების შესაბამისად გვყოლოდა კოალიციური მთავრობა, ამით მან ერთხელ და სამუდამოდ დაუდასტურა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ის მზად არის მხოლოდ და მხოლოდ ერთპარტიული მმართველობისთვის, რაშიც ჩვენ ვერ დავეხმარებით“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისი განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს დარღვევების აღმოჩენა, შეისწავლოს ცესკოს მიერ „გადასწორებულ, გადაკეთებულ, კანონმდებლობის სრული იგნორირებით მიღებული გადაწყვეტილებები“.

კორძაიას თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა ნახევარი აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი.

„ვინ ეყოლებათ ოპოზიციიდან? პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, რომელმაც ძალიან მსუბუქად მიიღო ხელისუფლების თავდასხმა არათუ ოპოზიციაზე, არამედ არასამთავრობო სექტორზე, რომელმაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მისი შედეგები 8%-თან დაკავშირებით სრულად არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო. თუ ასეთი ოპოზიციური ძალებით ფიქრობენ კომისიის შექმნას, ჩვენთვის ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ ცდილობს, თითქოს, შეისწავლოს საკითხები, ობიექტური სახით ელაპარაკოს თავის მიერ მოტყუებულ ამომრჩეველს“, – განაცხადა კორძაიამ.

საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება არც „ევროპული საქართველო“.

ლევან თარხნიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მიუთითა, რომ თუ სურს დაადგინოს სიმართლე, მაშინ შეუძლია, განიხილოს ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოში წარადგინეს.


8 თებერვალს პარლამენტის ბიურომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საკითხი მომავალი კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში, წინნააღმდეგ შემთხვევაში, თალაკვაძის თქმით, ჩათვლიან, რომ მათი მხრიდან ბრალდებები აღარ არსებობს.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ კომისიაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიები, რომლებსაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ჰყავდათ. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.