ძალა მრავალფეროვნებაშია და ჩვენ ეს კარგად ვიცით - თამარ კორძაია

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია” პოლიტიკოსებთან და აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, თამარ კორძაია.

თამარ კორძაიამ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებები შესაძლებლობას აჩენს საკანონმდებლო ორგანო მრავალფეროვანი იყოს.

„ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა კარგად ვიცით თავისუფლების ფასი. ფასი, რომელიც ერთი წლის წინ სწორედ რომ მოქალაქეებმა, საზოგადოებამ გადაიხადა საკუთარი სისხლის ფასად ამ გამზირზე. შეუძლებელია იბრძოდე თავისუფლებისთვის, თუ არ გაქვს ღირსება და ჩვენ ვართ ღირსეული საზოგადოება. ღირსეული საზოგადოება გამოვიდა უღირსი ხელისუფლების წინააღდეგ, იმიტომ, რომ საზოგადოებამ მოითხოვა ქვეყნის თავისუფლების ღირსეულად დაცვა. ჩვენ არ ვიმსახურებთ მშიშარა ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომელსაც ეშინია ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც ეშინია რუსეთის. ხელისუფლებას, რომელსაც ეშინია საპატრიარქოსი. ჩვენ არ ვიმსახურებთ ხელისუფლებას, რომელმაც არ იცის, სად არის სიმძიმის ძალა.  ხელისუფლება, რომელიც კარგავს კავშირს საკუთარ მოქალაქესთან განწირულია დამარცხებისთვის.

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები არ დავიღლებით იმ ბრძოლისთვის, რასაც ჰქვია თავისუფლება, თანასწორობა. ყველა დონეზე, სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ დონეზე თანასწორობა. ადამიანურ დონეზე თანასწორობა იმიტომ, რომ ძალა მრავალფეროვნებაშია და ჩვენ ეს კარგად ვიცით. მრავალფეროვნებაში უნდა შევქმნათ ეს ქვეყანა იმიტომ, რომ ის ასეთია. მრავალფეროვანი წარმომადგენლობა უნდა შევქმნათ პარლამენტში. თითოეული თქვენგანის ხმა უნდა ისმოდეს, თქვენი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად უნდა იყოს დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანო. ხვალ უმნიშვნელოვანესი დღეა, ერთი წლის თავზე მაშინ, როცა თვალები დასთხარა გახარიამ და  მისმა ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს, ხვალ ოდნავ მაინც უნდა გამოასწოროს ის, რაც არ გააკეთეს ერთი წლის განმავლობაში. ხვალ უნდა შეიქმნას პირობა იმისთვის, რომ პარლამენტში მრავალფეროვნება იყოს უზრუნველყოფილი. ხვალ დაველოდებით პარლამენტის უნარიანობას მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც დაგვპირდა ჩვენ, თუ არადა, არ დავიღლებით თავისუფლებისთვის ბრძოლაში. წინ მეგობრებო, წინ!” – განაცხადა თამარ კორძაიამ.