ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ძალადობა და მუქარები ჟურნალისტებისა და ლგბტი ჯგუფების, მათ შორის პრაიდის წინააღმდეგ, მიუღებელია. ნიდერლანდები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებსა და სამართალდამცველ ორგანოებს, დაიცვან ისინი, ვინც იყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას“, – ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Violence and threats against #journalists and #LGBTI, including Pride, are unacceptable. The Netherlands calls on Georgia’s leaders and law enforcement to protect those who exercise their Constitutional rights to freedom of assembly and expression. https://t.co/kvCUBtpdg1
— Dutch Ministry of Foreign Affairs ?? (@DutchMFA) July 5, 2021
დღეს საერთო განცხადება ასევე გაავრცელეს – ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. განცხადებას ასევე უერთიდებიან ბელგიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის და სლოვენიის საელჩოები.
„ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში.
ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ისე, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დარბეულია მოძრაობა „სირცხვლიას“ და „პრაიდის“ ოფისები. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც. დაკავებულია 8 პირი ადმინისტრაციული წესით.