ძალადობა, გადატვირთულობა, კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში – ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში

პუბლიკა

სახალხო დამცველი N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტისა და მონიტორინგის  შედეგებს აქვეყნებს.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, აპარატის თანამშრომლები პენიტენციურ დაწესებულებებში 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში იმყოფებოდნენ.

ანგარიშში მიმოხილულია როგორც პატიმრებსა და თანამშრომლებს, ასევე, თავად პატიმრებს შორის ძალადობის საკითხი; გაანალიზებულია ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და დოკუმენტირების არსებული პრაქტიკა. შეფასებულია ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა.

თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ძალადობა

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს N14 და N15 დაწესებულებებში მონიტორინგისას არ მიუღია ინფორმაცია დაწესებულებების თანამშრომლის მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, თუმცა N15 დაწესებულების ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან საუბრისას პატიმრების გარკვეულ კატეგორიას დამამცირებელი ტერმინებით მოიხსენიებდა.

რაც შეეხება N8 და N2 დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, მონიტორინგის მიმდინარეობისას, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა სამ შემთხვევაში მიიღო ინფორმაცია 2019 წლის განმავლობაში თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტების შესახებ.

„N8 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმრისგან მიღებული ინფორმაციით, 2019 წელს დაწესებულების თანამშრომელმა მკერდში მუშტი 3-ჯერ დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პატიმრის თქმით, იმავე თანამშრომელმა თანამესაკნესაც დაარტყა ხელი სახეში.

ვიზიტების დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, N2 დაწესებულებაში აღინიშნა თანამშრომლის მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტები. კერძოდ, დაწესებულების თანამშრომლები ერთ-ერთი პატიმრის დასამორჩილებლად მიზანმიმართულად ძალადობდნენ ფიზიკურად, რაც მის ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა“, – ნათქვამია მონიტორინგის ანგარიშში.

მონიტორების შეფასებით, დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული უფრო მეტი პატიმარი საუბრობდა თანამშრომლის მხრიდან პატიმრის მიმართ არაეთიკურ, ზოგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ და უთანასწორო დამოკიდებულებაზე, რაც დაწესებულების თანამშრომლების მიერ სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრების სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატება.

ანგარიშის მიხედვით, N8 დაწესებულებაში გამოკითხული რამდენიმე პატიმრის თქმით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას ხშირად მოსდით კონფლიქტი დაწესებულების თანამშრომლებთან. კერძოდ, რამდენიმე პატიმარმა აღნიშნა, რომ დაწესებულების თანამშრომლები უხეშად ესაუბრებიან, იწვევენ, ემუქრებიან პირობების გაუარესებით და იზოლირებით, ასევე, საყვედურობენ, თუ რატომ აწუხებენ სამედიცინო პერსონალს სამედიცინო ჩივილით. ზემოთ აღწერილ კონფლიქტურ სიტუაციას მონიტორინგის ჯგუფიც შეესწრო.

პატიმართა შორის ძალადობა

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ დაწესებულებებში ხშირია პატიმართა შორის სხვადასხვა მიზეზით შექმნილი კონფლიქტური სიტუაციები. დაპირისპირების მიზეზს ძირითადად წარმოადგენს საყოფაცხოვრებო საკითხები, ერთი პატიმრის მიერ მეორე პატიმრის სატელეფონო ბარათის უნებართვოდ გამოყენება, სიგარეტის მოთხოვნა/წართმევა და თანხის გამოძალვა. დაპირისპირების მიზეზი ზოგჯერ ხდება რელიგიური შეხედულებები, ეთნიკური წარმომავლობა, და ენობრივი ბარიერით გამოწვეული კომუნიკაციის პრობლემა.

პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, N15 დაწესებულებაში თუ თანამშრომელი უშუალოდ არ შეესწრო კონფლიქტებს ვერც კი შეიტყობს ამის შესახებ. პატიმართა შორის კონფლიქტური სიტუაციები ადგილზევე გვარდება „მაყურებლის“ მიერ. ამავე დაწესებულებაში „მაყურებლები“ რეგიონების, სართულების, ფლიგელებისა და სხვა სივრცეების მიხედვით არიან გადანაწილებული.

ანგარიშის თანახმად, შესაბამისად, ე.წ. „ზონის“ საკითხებს აგვარებს არაფორმალური მმართველი, ხოლო სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულთა საკითხებს აწესრიგებს ბრიგადირი. „მაყურებლის“ მიერ საქმის გარჩევის შემთხვევაში შესაძლოა, კონკრეტულ პატიმარს მიაყენონ ფიზიკური შეურაცხყოფა, დაამცირონ, გარიყონ თავიანთი სოციუმიდან და აიძულონ, გადავიდეს, მათი შეხედულებით, დაბალი სტატუსის პატიმართა კატეგორიაში.

„გარდა ფიზიკური ძალადობისა, დაწესებულებები ასევე მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებით ხასიათდება. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც კრიმინალური სუბკულტურა საკმაოდ მძლავრია. რეპრესიების შიშიდან გამომდინარე, პატიმრები იძულებულნი არიან, დაიცვან არაფორმალური წესები, რომლის დაუცველობის შემთხვევაში, პატიმარი ირიყება სოციუმიდან, მასთან ყოველგვარი ურთიერთობა პატიმრებისთვის მიუღებელი ხდება, რაც იწვევს მისი ღირსების, სტატუსისა და პატივისცემის დაკარგვას.

არაფორმალური მმართველობის პირობებში, ადგილი აქვს პატიმართა კატეგორიებად დაყოფას და სტიგმატიზებას. სახალხო დამცველი წლებია, აღნიშნავს, რომ სამეურნეო სამსახურში დასაქმებული და დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, არიან სტიგმატიზებულები და ციხის ცხოვრებისგან იზოლირებულები. დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები არ აღიქმებიან თანასწორ ადამიანებად. მოიხსენიებენ დამაკნინებელი სახელებით, განთავსებულნი არიან განცალკევებით (რკინის კარის გამყოფით), აქვთ ცალკე გრძელვადიანი პაემნების ოთახი, ასევე საშხაპე ოთახი; ცალკე ქვაბში იხარშება მათი საკვები. ყოველგვარი კონტაქტის შემთხვევაში, პატიმარი იძულებული ხდება, თავი დაიზიანოს ან დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პატიმარს მიაყენოს დაზიანება. ეს წესი იცის ყველა პატიმარმა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და დოკუმენტირება

ანგარიშის თანახმად, N14, N15, N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენა და დოკუმენტირება. როგორც მონიტორინგის ვიზიტების შედეგად დადგინდა, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური დაწესებულებების მორიგე ექიმები სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირების ყველა შემთხვევაში შეტყობინებას აგზავნიან იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საგამოძიებო უწყება არ ინტერესდება დაზიანების აღრიცხვის ფორმის მიხედვით შევსებული მასალით და არ ახდენს მის ამოღებას.

არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა

პენიტენციურ დაწესებულებებში შემოწმებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან ივლისამდე N8 დაწესებულებაში ფიქსირდება პატიმართა შორის ფიზიკური დაპირისპირების 71 შემთხვევა, N2 დაწესებულებაში – 26 შემთხვევა და N14 დაწესებულებაში – 3 შემთხვევა.

„გარდა საეჭვო დაზიანებების შემთხვევებისა, პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის (#131 ბრძანება) შესაბამისად, დაზიანებების დოკუმენტირება არ მომხდარა არც პატიმართა შორის ძალადობის იდენტიფიცირებულ შემთხვევებში.

2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით მითითებული წესით დაზიანებების დოკუმენტირება განხორციელდა მხოლოდ N2 (4 შემთხვევა) და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში (7 შემთხვევა) და ყველა შემთხვევაში სავარაუდო მოძალადედ მითითებული არიან პოლიციის თანამშრომლები (პატიმრობამდე პერიოდთან დაკავშირებით). ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა სხეულზე საეჭვო დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევებში, ექიმები არ ახდენენ დაზიანებების დოკუმენტირებას სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გადატვირთულობა

ანგარიშის თანახმად, გადატვირთულობის მხრივ, აღსანიშნავია, არა მხოლოდ ის, რომ N22 და N15 დაწესებულებებში იმაზე მეტი პატიმარი იმყოფება, ვიდრე გათვალისწინებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, არამედ ის, რომ სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობა არ არის საკმარისი დაწესებულებებში უსაფრთხო, დაცული და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად.

წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს მიაჩნია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი არის თანამშრომელი, რომელიც სათანადოდ ახორციელებს ზედამხედველობას. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, პერსონალის ნაკლებობისა და გადატვირთულობის გამო დაწესებულებებში არ არის უზრუნველყოფილი პატიმრებზე სათანადო ზედამხედველობა.

სახალხო დამცველის მონიტორების შეფასებით, თანამშრომელთა სიმცირის გამო, რისკის ქვეშ დგება როგორც პატიმართა, ასევე თანამშრომელთა უსაფრთხოება. არის შემთხვევები, როდესაც ერთი თანამშრომელი პატიმართა შორის კონფლიქტის განმუხტვას დროულად ვერ ახერხებს, რადგან დახმარებისთვის საკმაოდ დიდხანს უცდის კოლეგას. N8 დაწესებულებაში ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებში თითო ფლიგელზე, სადაც განთავსებულია 60-დან 190-მდე პატიმარი, მორიგეობს სამართლებრივი რეჟიმის 1-2 თანამშრომელი.

N2 და N8 დაწესებულებების მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევები ძირითადად გამოწვეულია პატიმართა მზარდი რაოდენობითა და დაწესებულებაში არსებული გადატვირთულობით, რის გამოც, განსხვავებული კატეგორიისა და მსოფლმხედველობის მქონე პატიმრებს ერთ საკანში უწევთ თანაცხოვრება.

არაფორმალური მმართველობა

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში საუბარია, რომ  პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რაც ხშირად განაპირობებს პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას.

„კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა. შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომელიც იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რეპრესიული მეთოდებით მიმართავს არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებებში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალური მმართველობის წესებს.

N2 დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები 30-23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რომ კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. „საერთოს“, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან; ვინც არ დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, სოციუმიდან რიყავენ და გადაჰყავთ სხვა კორპუსში; პატიმრებს ართმევენ ოჯახის მიერ გამოგზავნილ ტანსაცმელს“, – ნათქვამია ანგარიშში.

სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ არა ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და შესაბამის რეკომენდაციებზეც საუბრობენ.