„ძალადობა არის მიუღებელი“,- ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრ, ანრი ოხანაშვილსა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინცინდენტს.
„ჩვენ ამ ინფორმაციას ვსწავლობთ. არ ვიცი, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ძალადობა არის მიუღებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე, შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა ხდება. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა ადამიანის უფლებების, რაც გულისხმობს შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ა.შ.
გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა, ძალიან პოზიტიური, სადაც ძალიან ბევრი ქართველი შეიკრიბა, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, რა მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ერთიანდებიან. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი იყო და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა“,-განაცხადა დეგნანმა.
ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა.