ძალადობა სრულიად მიუღებელია, ეს ვუთხარი პრემიერს გუშინ - დუნია მიატოვიჩი

პუბლიკა

„თბილისი პრაიდის” კვირეული დღეს, 2 ივლისს გაიხსნა. ღონისძიება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა გახსნა.

მიატოვიჩმა ყურადღება გაამახვილა ლგბტქი+ თემის უფლებებზე და თქვა, რომ ძალადობა მიუღებელია. მან პოლიტიკოსებსა და გავლენის მქონე ადამიანებს მოუწოდა, დამამცირებელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„ჩვენ აქ ვართ, რომ ვიზეიმოთ და აღვნიშნოთ სიყვარული, თავისუფლება, თანასწორობა და მრავალფეროვნება, რადგან ყველა ადამიანი თანასწორი უფლებებით დაიბადა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ „ღირსების მარშის“ ჩატარების დროს, რომლის მიზანი იყო ერთიანობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ზეიმი, მოხდა სასტიკი ძალადობა. ჟურნალისტები და აქტივისტები თავდასხმის ობიექტები გახდნენ. არ მინდა წინა წლებზე საუბარი.

ახლა მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ძალადობა მიუღებელია. შეიძლება არ ეთანხმებოდე, განსხვავებული შეხედულებები გამოთქვა, მაგრამ ძალადობა არის ის, რაც სრულიად მიუღებელია. ეს იყო ჩემი სათქმელი პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გუშინ.

ჩვენთვის მიუღებელია რიტორიკა, რომ ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპის მიერაა თავსმოხვეული საქართველოზე. პოლიტიკოსებს და რიგით მოქალაქეებს მოვუწოდებ, ორჯერ დაფიქრდით, სანამ უმცირესობას თავს დაესხმებით.

მეამაყებით და მეამაყება საქართველო, რომ მას ასეთი ძლიერი თემი ჰყავს და მე მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ თანასწორობისა და ღირსებისთვის ბრძოლა. დაე გაიმარჯვოს სიყვარულმა და არა სიძულვილმა“, – თქვა დუნია მიატოვიჩმა.

გახსნით ღონისძიებას ლგბტქ + ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის განცხადებით, ადამიანის უფლებები არის ყველასთვის და ყველას აქვს უფლება, იყოს ის, ვინც არის.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრებით პრაიდ კვირეულის პირველ დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა პარტნიორები. მოხარულები ვართ, რომ თემის წევრები აქტიურად იკრიბებიან. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ღონისძიების უსაფრთხოება დაცულია და თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

ჩვენ, გაერო დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებები არის ყველასთვის და ვერ გავარჩევთ და ვერ დავიცავთ შერჩევით. ყველას აქვს უფლება, იყოს ის, ვინც არის. ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი თავი ისე, როგორც უნდა“, – განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

წელს, „თბილისი პრაიდის” კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქ + კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს. კვირეული 8 ივლისს პრაიდ ფესტივალით დასრულდება.

„თბილისი პრაიდის” კვირეულზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.