საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
საპტრიარქოს განცხადებით, დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.
„ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს – დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია. დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტის შენობის წინ გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა მოძრაობის წევრები, პოლიტიკოსები და Tbilisi Pride-ის წევრებიც. რუსთაველის გამზირზე, მოპირდაპირე მხარეს ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან შეკრებილები. იმართება ე.წ. კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობის წინ ცდილობენ გადასვლას, თუმცა პოლიცია მათ აკავებს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი განარიდა და დააკავა.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. „პრაიდის“ წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც. დღის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელი დაშავდა. შსს-მ გუშინ ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავა.