ძალადობაში ბრალდებულ კაბუს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

პუბლიკა

რეპერ კახა აბუაშვილს (კაბუს) აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 000 ლარი შეეფარდა, – ამის შესახებ „პუბლიკის” კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება.

როგორც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღნიშნა, ბრალდებული თანხის გადახდამდე პატიმრობაში იქნება. მოსამართლისვე გადაწყვეტილებით, აბუაშვილს კომუნიკაცია აეკრძალა დაზარალებულ ქალთან, ასევე დაევალა 10 დღეში ერთხელ მივიდეს საგამოძიებო ორგანოში.

პროკურატურა გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.


აბუაშვილს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი პროკურატურა მას ქალის მიმართ ძალადობას, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მას ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის ბრალი 260-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ბრალდებული თავს ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობს.

„25 ნოემბერს თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს  თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.

კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს“,  ნათქვამია განცხადებაში.