შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობის ბრალდებით სამი პირი – 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი, 1982 წელს დაბადებული გივი ზაუტაშვილი და 1981 წელს დაბადებული ლევან გელაძე დააკავეს.
ლევან გელაძე ყვარლის მერის მოადგილეა, გივი ზაუტაშვილი კი საკრებულოს თავმჯდომარე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა – გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა“, – აცხადებს შსს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
„ტვ პირველმა“ 10 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყვარელში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებული წვეულების შემდეგ მერის მოადგილემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ერთმანეთს სცემეს. ტელევიზიის ცნობით, ნაცემი იყო საკრებულოს თავმჯდომარის, გივი ზაუტაშვილის მძღოლი და ძმაც.