დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს – „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“.
ანგარიში შეეხება 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებს, რაც მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით ხდებოდა. დოკუმენტირების ფარგლებში ინტერვიუ ჩატარდა 117 პირთან, რომელთა 77.7% (91) მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან.
ანგარიშში აღწერილი საპოლიციო ძალადობის ფორმები, მათი ინტენსივობა, თანმიმდევრულობა და მასშტაბი მიუთითებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებასა და სისტემურობაზე. ანგარიშში საუბარია სპეციალური საშუალებების გამოყენების გრძელვადიან შედეგებზეც და მითითებულია, რომ დაზარალებულები უჩიოდნენ სხვადასხვა სიმპტომს, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას, ფილტვების ანთებას და სხვა.
„პროტესტის მონაწილეებს სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ გამოუვლინდათ ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები. დაზარალებულები უჩიოდნენ სუნთქვის მწვავე უკმარისობას, ფილტვების ანთებას, ძლიერ ხველას და ხახის გაღიზიანებას. ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ძლიერი თავბრუსხვევა და კოორდინაციის დარღვევები”.
ინტერვიუების პარალელურად, ანგარიშშია მოყვანილია მედიისთვის მიცემული ინტერვიუები, სადაც დემონსტრანტები მიუთითებდნენ, რომ როგორც უშუალოდ ესკალაციის პროცესში, ასევე მომდევნო დღეებში, აქციაზე მყოფ დემონსტრანტებს განუვითარდათ მწვავე და ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის მხედველობის დაქვეითება და დროებით დაკარგვა, ჰემორაგია, ნერვული სისტემის დაზიანებები, კატარაქტა, სასუნთქი და კუჭ ნაწლავის სისტემის დისფუნქცია – მრავალი დაზარალებული უჩიოდა ქრონიკულ ხველას, სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას, კანის დამწვრობებსა და დერმატიტს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 307-მა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო კვლევაში, რომელიც ექიმთა 8-წევრიანმა ჯგუფმა ჩაატარა ქიმიური აგენტების გრძელვადიანი ზემოქმედების დოკუმენტირების მიზნით – კვლევა ფოკუსირებული იყო იმ პაციენტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დარბევის ერთ ან რამდენიმე ეპიზოდში მონაწილეობდნენ.
მიღებული მონაცემები ასევე მოიცავდა ისეთი დემონსტრანტების საქმეებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ, არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი ქიმიურ აგენტებთან მათი აქტიური გამოყენების დროს, თუმცა, მოგვიანებით, განუვითარდათ გარემოში დარჩენილ ტოქსიკურ ნარჩენებთან და მეორადი ექსპოზიციით გამოწვეულ ზემოქმედებასთან ასოცირებული სიმპტომები.
„კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცავების მიერ წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის ერთდროულ გამოყენებაზე. მისი განმარტებით, წიწაკის სპრეის წყალთან კომბინირებულად გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან წყალი დაახლოებით 30-ჯერ ზრდის ქიმიური აგენტის შეღწევადობას. შედეგად, ტოქსიკური ნივთიერებები უფრო ღრმად აღწევს კანსა და ლორწოვან გარსებში, რაც, შესაძლოა, მძიმე დამწვრობისა და ლორწოვანის დაზიანების მიზეზი გახდეს.
ავტორის თქმით, ამ სიმპტომებზე, დაახლოებით, 112-მა მონაწილემ შეავსო დოკუმენტირების ფორმა. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული იყო თვალების მწვავე გაღიზიანება, სუნთქვის პრობლემები და კანის ქიმიური დამწვრობა. კვლევის ავტორის განმარტებით, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ 113 დაზარალებულს ერთი თვის შემდეგაც აღენიშნებოდა ხველა და სასუნთქი სისტემის გაღიზიანება, რაც, ჩვეულებრივ, ასეთი შემთხვევებისთვის არაბუნებრივად ხანგრძლივი სიმპტომია.
გარდა ამისა, მათ ექვსი კვირის შემდეგაც ჰქონდათ სასუნთქი გზების პრობლემები და ლორწოვანი გარსის ანთება, რაც, შესაძლოა, ცრემლსადენი გაზის მაღალი კონცენტრაციისა და მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგი ყოფილიყო. ბევრ დაზარალებულს აღენიშნებოდა კანის ანთება, წყლულები და შეხორცების პრობლემები, რაც, შესაძლებელია, ქიმიური ნივთიერებების ღრმა შეღწევის შედეგად განვითარდა. ასევე, საყურადღებოა ერთთვიანი სპონტანური სისხლდენები ცხვირიდან, რაც ზოგიერთ პაციენტს გამოუვლინდა. შეიძლება ეს სისხლის შედედების მექანიზმის დარღვევაზე მიანიშნებდეს.
ექიმის თქმით, ასეთი სისხლდენების მიზეზი უცნობია და საჭიროებს დამატებით გამოკვლევას. შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მავნე ეფექტებთან. ასევე, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოვლინდება“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველთა მიერ დამოუკიდებლად და კომბინირებულად გამოყენებული სპეციალური საშუალებები პოტენციურ გრძელვადიან რისკებსაც შეიცავს დემონსტრანტთა ჯანმრთელობისთვის – ეს შეიძლება მოიცავდეს ქრონიკულ რესპირატორულ, ნეიროლოგიურ და დერმატოლოგიურ გართულებებს.
ორგანიზაციების განცხადებით, ამჟამინდელი სამედიცინო მონაცემების გათვალისწინებით, აუცილებელია დამატებითი კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს ამ საშუალებების ზემოქმედება გრძელვადიან პერსპექტივაში და დიფერენცირებული გავლენა კონკრეტულ რისკჯგუფებზე, მათ შორის, ალერგიული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე.
ამასთან, ანგარიშში მითითებულია, რომ ცემის, ტრანსპორტირების ან სამართალდამცავი უწყების შენობაში ყოფნის დროს აქციის მონაწილეებს ხშირად ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ან სხვაგვარად ახორციელებდნენ მათ მიმართ სექსუალურ შევიწროებას, რასაც, გარკვეულ შემთხვევებში, თან ახლდა ჰომოფობიური და ანტიევროპული ნარატივები.
ორგანიზაციები ანგარიშში აღნიშნავენ, რომ არსებული მტკიცებულებები და ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებები მიანიშნებს სისტემურ წამებაზე – სასტიკ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე აქციის მონაწილეთა დასაშინებლად და დასასჯელად. მათი თქმით, ძალადობის მასშტაბი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული ქცევა, წამების მსხვერპლთა ჩვენებების თანხვედრა, სხვადასხვა თარიღში განხორციელებული იდენტური ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე რეაგირების არარსებობა და, ზოგ შემთხვევაში, მისი წახალისება მიუთითებს წამების სისტემურობასა და ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე.
ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ანგარიშზე მუშაობის პროცესში წამებასთან მიმართებით შემდეგი ქცევის მოდელები გამოიკვეთა:
- აქციების დარბევის პარალელურად, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა, ხშირად ჯგუფურად, შემდეგ კი გადაჰყავდა პოლიციის კორდონის მიღმა, მედიის კამერებისგან მოშორებით, სადაც ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა;
- ძალადობა, როგორც წესი, გრძელდებოდა სადამსჯელო მიკროავტობუსებში. სპეცრაზმის წევრები, სპეციალური ხელთათმანების საშუალებით, ფეხით, ზოგ შემთხვევაში, კეტით ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, ჯგუფურად სცემდნენ მსხვერპლებს.
- ფიზიკურ ძალადობას, როგორც დაკავების შემდეგ, ისე მიკროავტობუსში, თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება. როგორც წესი, სპეცრაზმელები მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში;
- მიკროავტობუსში ცემის შემდეგ, რაც, ხშირად, რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, მსხვერპლებს გადასცემდნენ საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ისინი პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ და დაკავების შესახებ ყალბ ოქმებს აფორმებდნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხშირად, ფსიქოლოგიური ძალადობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობა გრძელდებოდა როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე პოლიციის განყოფილებაში. მათი თქმით, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას თან ახლდა სამთავრობო ნარატივისთვის დამახასიათებელი ანტიევროპული და ჰომოფობიური რიტორიკა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ძალადობის მსხვერპლებს, როგორც წესი, ჩხრეკდნენ და პირად ნივთებს ართმევდნენ, რომელთა დიდი ნაწილი მათთვის არ დაუბრუნებიათ. რესპონდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალების მიერ ნივთების მოპარვით/წართმევით გამოწვეული ზიანის საერთო ოდენობა, ჯამში, სულ მცირე, 253 470 ლარია.
ანგარიშში ასევე საუბარია კვალის დაფარვის მცდელობებზე, მათ შორის რესპონდენტების ინტერვიუებში, სადაც ისინი იხსენებენ, რომ პოლიციის განყოფილებაში მათ სახის ჩამობანა აიძულეს, რისი მიზეზიც, ორგანიზაციების შეფასებით, შესაძლოა, ყოფილიყო სახიდან სისხლის და ცემის კვალის მოშორება.