ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი და კვლავ აორგანიზებენ ძალადობას - ქარტია

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, პასუხისგებაში მისცეს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რადგან მისი ვალდებულებაა, უზრუნველყოს მედიის უსაფრთხო საქმიანობა.

ქარტიის შეფასებით, მედიაგარემო სულ უფრო მძიმდება და დღითიდღე იზრდება იმ ჟურნალისტთა სია, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის გამო თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან და დევნიან.

„დღეს „TV პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. ის 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 5 ივლისს ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.

ქარტიისთვის შემაშფოთებელია, რომ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი და კვლავ აორგანიზებენ ძალადობას, რაც ცხადად ვიხილეთ კიდეც 2023 წლის 8 ივლისს.

დღემდე არ არის დასჯილი 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და რიგ შემთხვევებში სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მოძალადეებისთვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება. ლექსო ლაშქარავას ეპიზოდზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით, ძალადობაში მსჯავრდებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები რადგან მისი ვალდებულებაა, უზრუნველყოს მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამასთან, სულ უფრო მძიმდება მედიაგარემო, დღითიდღე იზრდება იმ ჟურნალისტთა სია, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის გამო თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან და დევნიან“, – წერია განცხადებაში.