თბილისში ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ, 2300-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, რადგან მისი თქმით, ნაკაშიძე სხვა ვიდეოკადრებშიც ფიგურირებს და მის მიმართ გამოძიება უნდა გაგრძელდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, აკაკი ნაკაშიძე მოქალაქეების მისამართით იგინებოდა, პოლიციელის მოწოდების მიუხედავად, ის არ გაჩერდა და მან პოლიციელების მისამართითაც გააგრძელა გინება.
სასამართლო პროცესზე დამსწრე ჟურნალისტის ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ იგინებოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ „9 აპრილის მემორიალთან გარყვნილებას ვერ დაუშვებდა“.
„პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ, ემოციაში ვიყავი და შევიგინე, ბოდიშს ვიხდი, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად ვიყავი. ვიგინებოდი, მომიწოდებდნენ და არ ვჩერდებოდი. ასეთი „პრაიდი“ თუ ჩატარდა, როგორც ქართველი კაცი იქ დავდგები, მაგრამ ვინანიებ და ბოდიშსაც ვიხდი“, – წერს IPN.
შსს-ს თანამშრომლის მოთხოვნის მიუხედავად მოსამართლემ ის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
აკაკი შანიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.
კიდევ ერთ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პაატა გურჩიანს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების დროს ადმინისტრაციული წესით ჯამში 8 ადამიანი დააკავა.
უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.