ძალადობრივი, პრორუსული „ალტ-ინფოს” ლიდერი ზურა მახარაძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება, – ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.
„როგორც მითხრეს, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, სავარაუდოდ არასამთავრობომ, გარკვეული საჩივარი შეიტანა ჩვენი პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით, შევდივარ მთავარ სამმართველოში და ვნახოთ, რა კითხვები აქვს გამოძიებას”, – განაცხადა მახარაძემ მთავარ სამმართველოში შესვლამდე.
„TV პირველმა“ მახარაძეს ე.წ. მოძრაობა „ანტიმაიდნის“ შსახებაც ჰკითხა.
„ჩვენ ვთქვით, რომ თუ დაიწყება სახელმწიფო გადატრიალება და ვხედავთ, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, მერე ავდგებით და ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი არათუ უფლებას, არამედ ვალდებულებას გვაძლევს… არ დაიწყოთ „მაიდანი”, ანუ ძალადობრივი დამხობა და არავითარი „ანტიმაიდანი” არ იქნება”, – განაცხადა მან.
„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დაიბარეს მახარაძე უწყებაში. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ძალადობრივმა, პრორუსულმა „ალტ-ინფომ“ ჩამოაყალიბა მოძრაობა „ანტიმაიდანი”, რის ფარგლებშიც ისინი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და მოქალაქეთა ქსელს ქმნიან.
მათი ლიდერები დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში არეულობის განვითარების ვერსიებზე საუბრობენ და ამ შესაძლო მოვლენების აღსაკვეთად ფიზიკური ძალის მობილიზების საჭიროებას წარმოაჩენენ.
პრორუსული „ალტ-ინფოს“ ნარატივი თანხვედრაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებასთან, რომელშიც სუს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებასა და უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავს სცენარზე საუბრობს.
უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს ხელოვანებს, რომლებიც სექტემბერში დაესწრნენ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგს.
უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.
ტრენინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრენინგებს არავითარი კავშირი გადატრიალებასთან არ ჰქონია. მათი თქმით, ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის გაეცნო მიდგომები – კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა შესახებ, ასევე არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების კუთხით.