“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ეხმაურება თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ათობით ოჯახის გამოსახლების პროცესს.
„მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და კერძო მესაკუთრეების ინტერესები, მან, გამოსახლების მეთოდებითა და ოჯახების უსახლკაროდ დატოვებით, უხეშად არ უნდა დაარღვიოს მათი ღირსება და სხვა უფლებები და უნდა შეძლოს, დაიცვას სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახეზეა გამოსახლების პროცესში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ნიშნები:
1.”განსახილველ საქმეში უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს გამოსახლების შემდგომ მოსახლეობის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნათელია, რომ მოსახლეობისათვის შემოთავაზებული ალტერნატივა არ არის ადეკვატური, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფს ოჯახებისთვის ალტერნატიულ სათანადო საცხოვრებელს და მათ ჭერისა და სათანადო სოციალური უსაფრთხოების გარეშე ტოვებს. მაცხოვრებლების განმარტებით, მათ წასასვლელი არსად აქვთ და, გამოსახლების შემთხვევაში, ქუჩაში, უმძიმეს მდგომარეობაში, აღმოჩნდებიან.
2. პრობლემურია უშუალოდ გამოსახლების პროცესის განხორციელების ეტაპი და მანერა. გამოსახლების პროცესში პოლიციელებს ძალის გამოყენებით გამოჰყავთ მაცხოვრებლები, რომლებიც მათი მხრიდან ძალადობაზეც საუბრობენ ადგილზე არიან ბავშვებიც, რომლებიც უყურებენ გამოსახლებისა და მათი საცხოვრისის ნგრევის პროცესს.
იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უწყებებმა გამოსახლების წინაშე მყოფ ოჯახებს “შეჭრილები” უწოდონ და მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ, მათ უნდა დაინახონ ის გამოწვევები და სიღარიბე, რაც ამ ადამიანებს საფრთხის შემცველ და არაადეკვატურ გარემოში ცხოვრებისკენ უბიძგებს. ადამიანები სახელმწიფო თუ კერძო შენობებში უნებართვოდ შესვლას, როგორც თვითდახმარების უკიდურეს ღონისძიებას, მიმართავენ და მათ მიმართ არა სადამსჯელო ღონისძიებები, არამედ ღირსებასა და უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერა უნდა იყოს გამოყენებული. სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ის მიზეზები, რამაც ადამიანებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა და ის უმძიმესი პირობები, რომელშიც მათ ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახები ქუჩაში დარჩენისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის წინაშე დგებიან. დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრისის კრიზისზე პასუხი არა ღირსეული განსახლების პოლიტიკა, არამედ ძალადობრივი გამოძევებაა, აშკარად ამხელს მისი მხრიდან სოციალური სახელმწიფოს სახელმწიფოს იდეის უგულებელყოფას. სოციალური სახელმწიფო, რომელიც ადამიანის კეთილდღეობასა და ღირსებას თავის მთავარ ღირებულებად აღიარებს, ვალდებულია, უზრუნველყოს ფუნდამენტური სოციალური პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს თვითდახმარების მძიმე არჩევანისკენ აღარ უბიძგებს და ღირსეული ცხოვრების გარემოს შეუქმნის.
ამასთან, შექმნილი ვითარების სამართლებრივი შეფასებისათვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების გაანალიზება. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იმისათვის, რომ გამოსახლება ადამიანის უფლებების დარღვევად არ იყოს მიჩნეული, პროცესი მთელი რიგი გარანტიების დაცვით უნდა წარიმართოს” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ყოველივე აქედან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
აღსრულების ეროვნულ ბიუროს:
- გამოსახლების პროცესი წარიმართოს მხოლოდ ოჯახების სათანადო ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს:
- გაითვალისწინოს იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების ორმაგი სოციალური მოწყვლადობა და ეკონომიკური ჩაგვრა, ასევე მათ წინაშე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და გამოსახლებული დევნილი ოჯახების განსახლების პროცესი დააჩქაროს და დააპრიორიტეტოს;
- მოახდინოს რესურსების მობილიზება უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ მყოფი ოჯახებისათვის გრძელვადიანი და ღირსეული საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს მთავრობას:
- გამოსახლების კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტების დაწესებამდე, უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე გამოაცხადოს მორატორიუმი.