ძალადობრივმა და პრორუსულმა „ალტ-ინფომ" პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოგლიჯა

პუბლიკა

ძალადობრივი, პრორუსული პარტიის „ალტ-ინფოს” წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოგლიჯეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს მოძალადე ზურა მახარაძე, რომელიც პრორუსული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი წინამძღოლი.

მახარაძე და მისი მომხრეები გლეჯენ დროშას და შემდეგ ფეხით დგებიან მასზე.

„ჩვენმა მთავრობამ ამ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა. ხოდა, მე ჩამოვხსენი ეგ [ევროკავშირის დროშა], ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია”, – ამბობს მახარაძე.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმდებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.