ძალიან ბევრი დამთხვევაა, თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში და ამოწმებდნენ - ფურცხვანიძე

პუბლიკა

ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ „გრინსერვის+ის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ვაკის პარკის შადრევანში ყველაფერი წესების დაცვით გაკეთდა.

„ჩვენ ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობაში და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაობის მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა, იმ დღესაც გითხარით, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არამარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა. ერთი-ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს. მესამე დაშავებულ მოზარდს კი, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.