ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს - პრემიერი

პუბლიკა

„ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისშიც გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა, სამუშაოს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი, ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა საქართველოში. ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას განაცხადა.

„მოდით, ვილაპარაკოთ ჩვენს თავზე – ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა ეკონომიკის. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით, ჩვენს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა შარშან. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა დაკარგა შემოსავალი და ის 200-ლარიანი დახმარება, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი. ამიტომ, საჭირო იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გავუჩინეთ სტაბილურობის განცდა. სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, რომ მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი. სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.