საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიისთვის განცხადება გააკეთა.
მან მადლობა გადაუხადა პარტიის თავმჯდომარეს და აღნიშნა, რომ ემოციური დღის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება.
„ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა პირველ რიგში და ეს არის უდიდესი პატივი, რომ უკვე, რა თქმა უნდა, დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი.
ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში, ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც, ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მობილიზებულნი, რომ სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები.
ბუნებრივია, ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.