ძალიან მალე ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ აღმავალ ფაზაში - ტიკარაძე III ტალღაზე

პუბლიკა

„ამას მე არ უარვყოფ, ამის მოლოდინი ჩვენ ყოველთვის გვქონდა და ნებისმიერი გახსნების პირობებში ჩვენ ყოველთვის ვაანონსებდით, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე იმისთვის, რომ ხანგრძლივად იყოს გახსნა შენარჩუნებული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ – დაიწყო თუ არა საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა.

ტიკარაძე განმარტავს, რომ ამის გამომწვევი მიზეზები რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაა, საუბარია სოციალურ დისტანციასა და პირბადის ტარებაზე.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ არანაირი სოციალური დისტანცია არ გაგვაჩნია. ძალიან მოკლე დროში დაგვავიწყდა ჩვენ ის რთულად გამოვლილი მეორე ტალღა, რომელიც შემოდგომაზე გვქონდა. ასევე, მინიმუმამდე არის დასული პირბადეების ტარება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ინფექციის გავრცელებაზე. დღეს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე ერთს აღემატება, რაც თავისთავად მიუთითებს იმას, რომ შეიძლება ძალიან მალე ჩვენ აღმოვჩნდეთ აღმავალ ფაზაში, რომელიც შეიძლება იქნეს წოდებული, როგორც ინფექციის გავრცელების მესამე ტალღა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.