„ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფერი. ამ სისუსტის შედეგები კი შეიძლება, უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ, სანამ დროა!”
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.
შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.