ძალიან მნიშვნელოვანია ომბუდსმენის შერჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის შერჩევა უაღრესად მნიშვნელოვანია და პარლამენტს აქვს უდიდესი შანსი, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს.

როგორც კელი დეგნანი ამბობს, ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩასართველად და არა პროცესის დახურვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა შერჩევის პროცესმა მაღალი შეფასება დაიმსახურა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც აკვირდებიან სახალხო დამცველის შერჩევას.

საქართველომ მართლაც მაღალი შეფასება მიიღო წინა სახალხო დამცველის შერჩევისას რადგანაც პროცესი ინკლუზიური იყო და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარეები მონაწილეობდნენ. თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს ეს ძალიან მაღალი შეფასება, რომელიც მან მიიღო „ადამიანის უფლებებზე მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების გლობალური ალიანსის“ მხრიდან, მან უნდა დაიცვას პრინციპები რომლებიც გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის სახით, პარიზის პრონციპებით და რეკომენდაციებით, რომელიც საქართველოს გადაეცა 5 წლის წინ”, – თქვა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, საქართველო ასე შეინარჩუნებს იმ მაღალ შეფასებას, რომელიც მან მიიღო წინა ჯერზე სახალხო დამცველის შერჩევის გამართული პროცესისათვის, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ.

„ასე რომ, რთულად გამოსაცნობი არ არის როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ეს ყველაფერი გაწერილია პარიზის პრინციპებში, ევროსაბჭოს რეკომენდაციებში, „გლობალური ალიანსის“ შეფასებაში. ამ პროცესის კარგად წარსამართად საქართველოსთვის მრავალი სახელმძღვანელო პრინციპი არსებობს, რათა სახალხო დამცველი შეირჩეს კონსენსუსის საფუძველზე და ყველა მხარის აღიარებით”, – თქვა მან.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ასევე ვენეციის კომისიის დასკვნაზე. მისი თქმით, ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური.

„პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ.

ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასიური უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესისიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, “- განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას.