თბილისის მერი აცხადებს, რომ ძალიან მოსწონს, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს.
„ძალიან სამწუხარო იყო ის მარცხები, რაც ვნახეთ, თუმცა, ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ის შესაძლებლობები, რაც ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა, რომ ევროპაზე მოხვედრილიყო. ძალიან წარმატებული საფეხბურთო თამაშები ჩაატარეს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის აღმავლობა და დაღმავლობა. ძალიან სამწუხაროა ეს. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან მომწონს, რასაც ფედერაცია აკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ყველაზე დიდი ნაკლებობაა დღეს ქართულ ფეხბურთში და ეს, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში, შედეგს გამოიღებს იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ითამაშონ ისეთ მოედნებზე, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან კარგ და დიდ შედეგს მოიტანს“, – ამბობს კახა კალაძე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ შოთა არველაძეზეც ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა, მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან, თუ რაიმე გაგვაჩნია ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.