ძალიან საშიში მგონია უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლების აღდგენა - ზედანია

პუბლიკა

ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას თქმით, შექმნილი ეპიდემოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მას ძალიან საშიში ჰგონია უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლების აღდგენა.

„რომელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც არ ველაპარაკე, ყველას შიში აქვს, რომ ამას ვირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება შეიძლება მოყვეს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს – ასევე. ეს გასაგებიცაა – უნივერსიტეტების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი და მათ აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაცია, როგორც არ უნდა ვცადათ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი პრევენციული ზომა.

საქმე მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ხომ არ ეხება, მხოლოდ ინდივიდუალური თავგანწირვის გამოჩენა რომ იყოს საკმარისი – ფსონზეა ჩვენი ახლობლებისა და თუნდაც უცნობი ადამიანების ჯანმრთელობა, რომელათვისაც საფრთხე შეიძლება გავხდეთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ექსპერტიზას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მგონია, რომ სანამ ეპიდემია დედაქალაქში ასე ინტენსიური და აღმავალია, ჯობს უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს. მითუმეტეს, რომ ბევრ ქვეყანაში დღეს ასეც ხდება, რადგან, ზოგადად, უნივერსიტეტები ვირუსის აფეთქების ეპიცენტრებად ბევრგან იქცა”, – წერს ზედანია.


როგორც დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში სწავლას 19 ოქტომბერს განაახლებენ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, უნივერსიტეტებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ, სადაც შესაძლებელია, იქ იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში.