სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული და ,,სოლიდარობის ქსელის” პროფკავშირში გაწევრიანებული სოციალური აგენტები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და მათი პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
სოციალური აგენტები ამბობენ, რომ სამუშაოს მოცულობის, მათი პასუხისმგებლობის, სპეციფიკის, სტრესის, რისკისა და გაწეული სატრანსპორტო ხარჯის გათვალისწინებით, მათ შრომას სახელმწიფო ადეკვატურად არ აფასებს.
პრემიერის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში სოცაგენტები დეტალურად საუბრობენ მათზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებზე და მიზერულ ანაზღაურებაზე, აუნაზღაურებელ შრომასა და სატრანსპორტო ხარჯზე. მათი შეფასებით, სახელმწიფოს მიერ სოცაგენტის ძალიან სერიოზული საქმე არასერიოზულადაა აღქმული და ანაზღაურებული. „სააგენტო სრულიად უპასუხისმგებლოდ ექცევა იმ დასაქმებულთა შრომას, რომლებიც სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საქმეში არიან ჩაბმული”, – აღნიშნავენ ისინი.
სოცაგენტების ფიქსირებული ხელფასი 200 ლარია, თითო ოჯახის შემოწმებაში კი 4.80 ლარს იღებენ. 200 ლარამდეც მათ ივლისის თვიდან, პროტესტის შემდეგ გაეზარდათ. მანამდე ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი იყო [აღნიშნულია ხელზე ასაღები ოდენობა].
სოცაგენტების მოთხოვნებია:
- „გაიზარდოს შესრულებული ერთეულის ღირებულება 12-წლიანი ინფლაციისა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სხვა გარემოებების გათვალისწინებით და გახდეს დარიცხული 12 ლარი, უფროსი სოცაგენტის შემთხვევაში – 15 ლარი.
- გამოიყოს გზის ხარჯი შესრულებული ერთეულების ოდენობის მიხედვით – 1 ერთეული – 4.5 ლარი;
- მოგვეცეს ჩვენივე ბენეფიციარებთან გათანაბრებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
- მოხდეს პროფკავშირის აღიარება და გაფორმდეს ორგანული კანონის, შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი უფლების შესაბამისად კოლექტიური ხელშეკრულება პროფკავშირის იურისტის ჩართულობით.
- ხელშეკრულებების ვადა დარეგულირდეს ასევე შრომის კოდექსის მიხედვით, ვისაც ეკუთვნის უვადო და ვისაც არა გაუფორმდეს მინიმუმ 1 წლიანი.
- ხელშეკრულებაში დამსაქმებლის ვალდებულებებში შევიდეს ცვლილება. იტვირთოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული აგენტის იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფა.
- მოხდეს სპეციალისტებისა და უფროსი სპეციალისტების ანაზღაურების ზრდა 12-წლიანი ინფლაციისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
- მანამ, სანამ სააგენტოს მიზეზით მკვეთრად შემცირებულია დავალებები და შესაბამისად ხელფასი, გაიცეს 200-ლარიანი დანამატი“, – აღნიშნავენ სოცაგენტები პრემიერისადმი მიმართვაში.