ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან - კინზინგერი მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

„ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ჩვენ ყველა ვუყურებთ“, – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაკავებას.

კინზინგერი Twitter-ზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის კონგრესში წარდგენასაც შეეხო და წერს, რომ აქტი წლიდან წლამდე ავტომატურად არ გრძელდება, მას არსებული რეალობის გათვალისწინებით იღებენ და საქართველომ ეს უნდა გაითვალისწინოს.

„პირდაპირ ეთერში ვუყურებდი დარბევას. მე, როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ, ახლახანს შევიტანეთ კიდევ ერთხელ კონგრესში დასამტკიცებლად საქართველოს მხარდაჭერის აქტი. უნდა იცოდეთ, რომ ის ავტომატურად არ გრძელდება“, – წერს კინზინგერი Twitter-ზე.

ნიკა მელია ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა დააპატიმრა.

ოფისზე შტურმი გამთენიისას დაიწყო. სპეცრაზმი ოფისში შეიჭრა ძირითადი შესასვლელიდანაც, სახურავიდანაც. მათ ძალის გამოყენებით შეაღწიეს მელიას კაბინეტამდე და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მანამდე სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეების და პოლიტიკოსების გაყვანა დაიწყო. ოფისთან მობილიზებულია ასობით პოლიციელი, სპეცრაზმელი, სასწრაფო დახმარების მანქანები.