დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის გავრცელება ძალიან სწრაფად მიდის და ეპიდსიტუაცია სერიოზულად მთავრდება. გამყრელიძის თქმით, საჭიროა მოსახლეობა აიცრას და დაიცვას რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში „მძიმე ნოემბერი გვექნება“.
„სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ჩვენი თანამემამულეების წინაშე გახლავთ ის, რომ ყველა გავითავისოთ, სერიოზულად უარესდება ეპიდსიტუაცია.
ყველამ ვატაროთ პირბადე, ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია. ყველამ შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე. იცავს ეს პირბადე.
მეორე – დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, ყოველგვარ დიდ შეკრებებს რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს.
წავიდეთ და ავიცრათ ბატონებო, ერთმანეთისთვის ავიცრათ, ქვეყნისთვის ავიცრათ. იმიტომ, რომ სხვანაირად გვექნება მძიმე ნოემბერი ძალიან, დამიჯერეთ. ვის უნდა ისევ სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი ქვეყანაში?!
1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელება ძალიან სწრაფია. ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღეა კორონავირუსის ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად იმატა.