ძალიან ტენდენციური გაშუქება ხდება დღევანდელი მოვლენების - ჯაღმაიძე

პუბლიკა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „პირველი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ მედიაში დღევანდელი მოვლენები ტენდენციურად შუქდება.

ჯაღმაიძემ ასე უპასუხა წამყვანის შეკითხვას იმაზე, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი დღევანდელ ძალადობრივ აქციაზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოსაც აკისრებს.

„ძალიან ტენდენციური გაშუქება ხდება დღევანდელი მოვლენების. ის ადამიანები, რომლებიც მთელი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აღიზიანებდნენ, იწვევდნენ თბილისში ჩამოსასვლელად, ცდილობენ, ეკლესიას გადმოაბრალონ მათ მიერ აწეული აგრესია. ერთი განცხადება მაჩვენეთ ეკლესისა, რომელიც მათ მიერ ძალადობისკენ მოუწოდებდა, იმის გამოკლებით, რაზეც ვისაუბრეთ, მღვდელის არაკორექტული განცხადებისა…ქვეყანაში ბოსი ხალხია, რომლის აზრიც არ გაითვალისწინეს, მიზანმიმართულად ხალხი დააპირისპირეს საზოგადოების მცირე ჯგუფს. ამაზზე პასუხისმგებლები არიან ორგანიზატორები, ვინც აქეზებდა ამ ჯგუფს.

…უნდათ, რომ საპატრიარქო იყოს ამაზე პასუხისმგებელი და რატომ? როდესაც ეს ხალხი აანონსებდა მთელი თვის განმავლობაში, რომ გამოვალთ ქუჩაში, ჩამოვალთ, გავაპროტესტებთ და ამ დღეს საპატრიარქომ რახან ლოცვისკენ მოუწოდა? არ იცოდნენ, რა მოჰყვებოდა ამას? თუ არ იცოდნენ, არ იცნობენ ქართულ საზოგადოებას“, –  აცხადებს დეკანოზი.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „პრაიდსაც“ აქვს კონსტიტუციით დაცული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ჯაღმაიძე ამბობს, რომ „ასე არ არის“.

„მე გეტყვით, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ევროპის ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის კონვენციის მე-10 მუხლში წერია, რა დროს იზღუდება თავისუფლება – იზღუდება, როდესაც სხვის უფლებებს არღვევს, როდესაც მორალურ და ზნეობრივ ნორმებს არღვევს და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას ქმნის. წაიკითხეთ კანონი. სად გინახავთ, მიღებული იყოს საზოგადოებაში, გამოვიდეს ადამიანი და მოყვეს თავისი ინტიმური ცხოვრების შესახებ. რა არის ეს, რა კულტურა არის?“, – ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე.


ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია 

მუხლი 10

გამოხატვის თავისუფლება

1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

ამავე კონვენციის მე-14 მუხლში კი წერია, რომ: 

ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დარბეულია მოძრაობა „სირცხვლიას“ და „პრაიდის“ ოფისები. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც. დაკავებულია 8 პირი ადმინისტრაციული წესით.

5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ისე, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.