ძალიან უცნაურია, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით ევროპას ეწინააღმდეგება - პრეზიდენტი

პუბლიკა

„ძალიან უცნაურია დღეს, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით, თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება, იმ ევროპას, რომელიც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მებრძოლის, ჩვენი წინაპრებისთვის უალტერნატივო მიზანს წარმოადგენდა“, – საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი დღე არა მხოლოდ პროფესიონალი დიპლომატების, არამედ ყველასია.

„მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რამეთუ ქვეყნის ინტერესების დაცვა დღეს ბევრად მეტი მიმართულებით მიმდინარეობს – დიპლომატია, პოლიტიკა, კულტურა, ეკონომიკა, მაგრამ ასევე – ტექნოლოგიები, მეცნიერება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება და კიდევ ბევრი სხვა.

ეს დღე ეკუთვნის ასევე, საზოგადობას, ყველას, რამეთუ მსოფლიო რუკაზე საქართველოს დამკვიდრება და საკუთარი სახის და იდენტობის პოპულარიზაცია მოითხოვს ყველას ჩართულობას. საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების, ჩვენი სტუდენტების, ჩვენი დიასპორის მეშვეობით, ასევე იცნობენ სუხიშვილების, ხატია ბუნიათიშვილის, ნინო ხარატიშვილის, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძისა თუ ოთარ იოსელიანის და კიდევ ბევრ სხვათა მეშვეობით. ცხადია, ალბათ, ბევრი სახელი გამომრჩა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მთლიანად საზოგადოების საქმეა პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც უაღრესად სჭირდება დიპლომატია, პროფესიონალური დიპლომატია.

მას ასევე სჭირდება ყველა მოქალაქის, თანამემამულის ამ დიდ საქმეში ჩართულობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ყველგან, შიგნით, გარეთ და ყოველთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.