„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ პირველად 83 წლის განმავლობაში, ისტორიულ „ამერიკის ხმას“ აჩუმებენ…“,- წერს „ამერიკის ხმის“ დირექტორი, მიხაულ აბრამოვიცი.
როგორც ის აღწერს, დაახლოებით 1300 ჟურნალისტი, პროდიუსერი და თანაშემწე ანაზღაურებად შვებულებაშია გაშვებული.
გამოცემები The Hill და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) რესურსები და საქმიანობა შეზღუდა.
ასევე მედიაშე ვრცელდება ინფომრაცია, რომ VOA-ს თანამშრომლებს სამუშაო შენობებში შესვლა აეკრძალათ HR-ის აღმასრულებელი დირექტორის ნებართვის ან ზედამხედველების წინასწარი ნებართვის გარეშე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას ითვალისწინებს, მათ შორის არის ისეთი სააგენტოები, რომლებიც მედიის, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და უსახლკარობის პრობლემის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობენ.
ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ეს უწყებები „მაქსიმალური მასშტაბით დაუქვემდებარონ შემცირებას”. ბრძანების მიხედვით, მათ უნდა „შეამცირონ თავიანთი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და შესაბამისი პერსონალის საქმიანობა”.
ტრამპმა ბრძანებას 14 მარტს მოეწერა ხელი – სააგენტოებს შორის ერთ-ერთია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფლებას” და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
ფედერალური საგრანტო შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების” (RFE/RL) პრეზიდენტი, სტივენ კაპუსიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების გაუქმება არის „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის”.
„საგრანტო შეთანხმების გაუქმება იქნება უზარმაზარი საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის. 75-წლიანი ისტორიის შემდეგ „რადიო თავისუფლების” დაშლას იზეიმებენ ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში. ჩვენი ოპონენტებისთვის გამარჯვების ჩუქება მათ გააძლიერებს, ამერიკას კი დაასუსტებს”, – აღნიშნავს ის.