ძირითად პროდუქციაზე ფასები შენარჩუნებული ან მცირედ გაზრდილია - სამინისტროს განმარტება

პუბლიკა

ძირითად პროდუქციაზე, რომელსაც მოიხმარს საქართველოს მოსახლეობა, ფასები შენარჩუნებული ან მცირედ გაზრდილია, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი პროდუქციის ფასების ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მინისტრის მოადგილის განცხადება შეეხება ასევე ხილისა და ბოსტნეულის ფასებს. უწყება მათზე ფასების ზრდის  რამდენიმე მიზეზს ასახელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქსტატმა“ გამოაქვეყნა მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით. ეს არ არის პირდაპირ ფასების მატებასთან დაკავშირებული საკითხი. ზოგადი ფონი, ბოლო პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებითაა გამოწვეული და შედეგად, სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფებში გარკვეული შეფერხებებია შექმნილი. ეს მოცემულობა გავლენას ახდენს საქართველოზეც. შესაბამისად, შეცვლილია ინფლაციური პროცესები, რაზეც სახელმწიფო სტრუქტრები მუშაობენ. ინფლაციური პროცესების მართვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია არ არის. აღნიშნული მიმართულებით ეროვნული ბანკი მუშაობს და ვფიქრობ, ეს საკითხიც დარეგულირდება.

ჩვენ გვაქვს სასაქონლო ჯგუფები, სადაც ფასების უფრო მეტი ზრდაა, რაც გაზაფხულზე პირველადი მოსავლის მიღებით არის გამოწვეული. საუბარია ახლადშემოსულ მაღალიღირებულების პროდუქციაზე (ხილი, კენკროვანი კულტურები და ა.შ), რაც ყოველთვის გავლენას ახდენს ინფლაციურ პროცესებზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის მითითებით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის დააზღვია საფასო პოლიტიკა იმ სასაქონლო ჯგუფებზე, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა, ერთი მხრივ ინფლაციური პროცესების ზრდა გვქონდეს სახეზე, მაგრამ მეორე მხრივ, ძირითად პროდუქციაზე, რომელსაც მოიხმარს საქართველოს მოსახლეობა, ფასები შენარჩუნებული ან მცირედ გაზრდილია.

ეპიდემიური მდგომარების გამო ჩაკეტილი რეგიონების მიუხედავად, არ გაჩერებულა საქონელბრუნვა, ყველა თავისუფლად ვაჭრობს და ახორციელებს სასურსათო პროდუქციის შეტანას და გამოტანას.

კარანტინის დასაწყისში, მარნეულში იყო გარკვეული ემოციური მუხტი, როდესაც თითქოს მანქანები ვერ შედიოდნენ, თუმცა დღეისათვის დაახლოებით 200 მანქანაზე მეტი შედის და გამოაქვს პროდუქცია, რომელიც შემდგომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ბაზრებზე ხვდება.

საქართველოს მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები მუდმივად არეგულირებენ აღნიშნულ საკითხს, ყველა საბაზრო სტრუქტურა მუშაობს, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროდუქციის ფასებზე გარკვეული გავლენები მაინც მოახდინა.

პროცესები დღეს დარეგულირებულია, მაგრამ არის პროდუქციის სახეობები, რომელთა ფასები ამ ეტაპისთვის ცოტა მაღალია. მაგალითად, მარნეულში დღეს კილოგრამი პომიდვრის საბითუმო ფასი 5.50 ლარია, თითქმის 2.50 ლარის ფარგლებშია კარტოფილი ფასი და ა.შ. მალე საქართველოს ყველა რეგიონში დაიწყება ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის მიღება, რაც შესაბამის გავლენას მოახდენს და ფასებიც დარეგულირდება. საბოლოოდ, მთლიან ჭრილში, ქართველი მომხმარებელი გაწონასწორებულ საფასო პოლიტიკას მიიღებს.

პროდუციის ბაზრებზე შეუფერხებელი განთავსებისთვის, საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებს. იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, დაიწყო გარკვეული ტიპის ბაზრების გახსნა, თანდათანობით დაემატება კიდევ სხვა ობიექტებიც. შესაბამისად, გაიზრდება საქართველოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ყველა იმ პროდუქტზე, რაც გავლენას მოახდენს სწორი საბაზრო ფასების ჩამოყალიბებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი სასაქონლო ჯგუფების რეალიზაციის პრობლემა არ შექმნილა. ყველა მეწარმე თავისუფლად ყიდის ისეთ პროდუქტს, როგორიცაა კიტრი, მწვანილი, პომიდორი და ა.შ. თუმცა არის ისეთი სასაქონლო ჯგუფი, მაგალითად სალათის ფურცლები, რომელიც ძირითადად სარესტორნო და ტურიზმის სექტორს მიეწოდებოდა. ბუნებრივია, აქ გარკვეული შეფერხება არის, რადგან მსგავსი პროდუქტების მოხმარება შემცირებულია.

მიუხედავად ამისა, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები, რეგიონული სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პროდუქციის ბაზარზე მიწოდება და ვფიქრობთ, თანდათანობით ეს პრობლემაც დაიძლევა. ამას ხელს შეუწყობს საბაზრო ინფრასტრუქტურის სრულად ამუშავება. როდესაც ყველა ბაზარი გაიხსნება, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი პროდუქცია მათთვის ყველაზე ხელსაყრელ ბაზრზე შეიძინონ.

კორონავირუსმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა მსოფლიო ეკონომიკაში, სურსათის, მშენებლობის, ტურიზმის თუ სხვა სექტორებში. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ახალი გაწონასწორებული საფასო პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ შექმნა. გამომდინარე აქედან, ცალსახად იმ საფასო ნიშნულზე დაბრუნება, რომელიც აქამდე იყო, ასე მარტივად ვერ მოხდება. სავარაუდოდ, წლები იქნება საჭირო, რომ ყველა ეკონომიკური აქტივობა კვლავ წარმატებით ხორციელდებოდეს.

ახალი საფასო პოლიტიკა, ბუნებრივია, ქვეყანაში მაშინვე დაიწყებს გაწონასწორებას, როგორც კი ყველა სექტორი ჩაერთვება. ჯერჯერობით, ფერმერული მეურნეობები მაქსიმალური ხელშეწყობით სარგებლობენ. ვფიქრობთ, რომ დანარჩენი სექტორებიც თანდათანობით ამოქმედდება და მოხდება როგორც პროდუქციის რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა, ისე გაწონასწორებული საფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება”, – ნათქვამია გგანცხადებაში.

ამავე თემაზე:

► შარშანდელთან შედარებით ხილზე ფასი 45 %-ით გაიზარდა;

► 9 პროდუქტზე ფასების შენარჩუნებისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯება;