„ძირს გამოუთხრის დემოკრატიას" - ნორვეგიის საგარეო რუსულ და ჰომოფობიურ კანონებზე

პუბლიკა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის კვლავ ინიციირების გადაწყვეტილების შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს. უწყება აკრიტიკებს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ჰომოფობიურ პროექტსაც.

„ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენისა” და „ოჯახური ღირებულებების” საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რაც ახდენს სამოქალაქო საზოგადოებისა და ლგბტქ+ ადამიანების სტიგმატიზაციას. ის ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.