ევროკავშირი გმობს „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ, სიძულვილის, ცენზურის დამწესებელ საკანონმდებლო პაკეტს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის”.
„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული.
ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა”, – აცხადებს სტანო.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს.
„ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.
ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 4 სექტემბერს II მოსმენით დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ, სიძულვილის, ცენზურის დამწესებელ საკანონმდებლო პაკეტს.
საკანონმდებლო პაკეტი შედგება 1 ძირითადი კანონპროექტისა და 18 თანმდევ კანონში შესატანი ცვლილებებისგან.
კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას“, ისე მაუწყებლებისა და ხელოვნების ცენზურასა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად:
- დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის დარეგისტრირება, თუ ეს არ იქნება კავშირი ქალს და კაცს შორს.
- ერთნაირსქესიან წყვილებს აეკრძალებათ შვილად აყვანა. შვილად აყვანა აეკრძალებათ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან, მარტოხელა ადამიანის შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი არ არის ჰეტეროსექსუალი.
ამ მუხლებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ იზიარებს.
მმართველი პარტიის ინიციატივით, ასევე „დაუშვებელია იმ ადამიანისთვის არასრულწლოვანის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება”.
ასევე, „ქართული ოცნების” ჰომოფობიური, უფლებების შემლახავი და ანტიკონსტიტუციური ინიციატივის თანახმად:
- აკრძალული იქნება სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარება ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება – სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, შეიძლება, თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს ექიმი, რომელიც „სხვა ადამიანის ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციას ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციას ჩაატარებს”. ამ შემთხვევაში ასევე გათვალისწინებულია ჯარიმა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევაც 1-დან 4 წლამდე.
- აიკრძალება დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
- დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში „პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის სქესისგან განსხვავებულ სქესთან მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.
- დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
- ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ აიკრძალება „ასეთი სცენების გაშვება ეთერში”.
„ქართული ოცნების” ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობით, „აიკრძალება შეკრება და მანიფესტაციები, თუ ის მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პოლიციას უფლება აქვს, შეკრებილებს დაშლა მოსთხოვოს.
„თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება/მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს”.
ასევე, „ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ”.
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების თანახმად, ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება ექიმს, რომელიც „ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციას ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციას ჩაუტარებს.
გარდა ამისა, ჯარიმით, 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება პირი, ვინც დაარღვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმას, რომელიც ჯერაც არ არსებობს [172/10 მუხლი] და რომლის თანახმადაც:
- ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ აღნიშნული რეკლამის გამავრცელებელი მის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
- არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
- ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 4 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით”.
შეგახსენებთ, რომ არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.
ხოლო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.
„ქართული ოცნება” აპირებს, საკანონმდებლო პაკეტი მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცოს. ამ კანონის მიღებას
მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს, დაემატება მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით”.
ამ ცვლილების მოსახლეობისთვის გასაცნობად ჩაატარა მმართველმა პარტიამ საყოველთაო-სახალხო განხილვა.
საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტის 113 დეპუტატის ხმები სჭირდება.