ძლიერი საქართველო: 4 ოქტომბრის არჩევნებზე უარის თქმა იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა

პუბლიკა

ლელო-ძლიერი საქართველო” აცხადებს, რომ „2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა – ბოიკოტი, იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა”.

„2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა – ბოიკოტი, იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა. რიგი პარტიების, თუ ცალკეული პოლიტიკოსების გამუდმებული მოწოდება-აგიტაცია, რომ მოქალაქეები დაერწმუნებინა არ დაეფიქსირებინათ თავისი საპროტესტო ხმა არჩევნებზე, პირდაპირ მოემსახურა „ქართული ოცნების“ გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკრებულოებისა და მერების დონეზე. შედეგად დღეს ქვეყნის დედაქალაქს ჰყავს ქალაქის 20%-იანი მერი!

დღეს უკვე ცხადია, რომ ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რომელიც ყოველთვის გადიოდა საარჩევნო ბრძოლასთან ერთად მშვიდობიან პროტესტზე, იყო ყველაზე სწორი პოზიციონირება და გამოსავალი შექმნილ ვითარებაში, მათ შორის, უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტის გასაძლიერებლად”. – წერია განცხადებაში.

ძლიერმა საქართველომ მადლობა გადაუხადა „100 ათას ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა”.

ამავე დროს, გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციასაც.

„4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ავანტიურა, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა მშვიდობიან პროტესტს. აქვე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მშვიდობანი პროტესტი მაინც გაგრძელდა. ჩვენ, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი, ყოველთვის ვიყავით მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე და მხარდამჭერი.

ვწუხვართ, რომ საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ ბოიკოტის უკუშედეგში, რაც ივანიშვილის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ გაჩენილმა საარჩევნო ნიჰილიზმმა გამოიწვია”. – წერია განცხადებაში.

ლელო-ძლიერი საქართველო” დასძენს, რომ აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, იწყებს მუშაობას რეგიონებში და რჩება საშტაბო რეჟიმში.

„რათა მოვახდინოთ ძალთა სრული კონსოლიდაცია და კიდევ უფრო ქმედითად დავუპირისპირდეთ ქართულ პოლიტიკაში არსებულ ორივე პოლიტიკურ პოლუსს – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ორპოლუსიანობაზე დგას სწორედ ივანიშვილის რეჟიმი”. – წერს „ლელო-ძლიერი საქართველო”.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა 10 ოპოზიციური პარტია. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს „ძლიერმა საქართველომ”, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” და „გირჩი”.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. 26 მუნიციპალიტეტში „ოცნების“ მერობის კანდიდატს კონკურენტი არ ჰყოლია, შესაბამისად, მათ ხმების 100% მიიღეს.

ცესკოს თანახმად, ხმები ასე განაწილდა:

ადგილობრივი – პროპორციული

თბილისი

  • „ქართული ოცნება“ – 70.052% (211 814 ხმა)
  • ლელო-ძლიერი საქართველო – 9.938% (30 050 ხმა)
  • გირჩი – 7.698% (23 275 ხმა)
  • კონსერვატორები საქართველოსთვის – 4.308% (13 025 ხმა)
  • გახარია საქართველოსთვის – 3.199% (9 673 ხმა)

საქართველო

  • „ქართული ოცნება“ – 81.689% (1 104 545 ხმა)
  • ლელო-ძლიერი საქართველო – 6.715% (90 790 ხმა)
  • გახარია საქართველოსთვის – 3.684% (49 815 ხმა)
  • გირჩი – 2.961% (40 037 ხმა)
  • კონსერვატორები საქართველოსთვის – 2.612% (35 312 ხმა)

შეეხება თბილისის მონაცემებს, „ძლიერი საქართველოს” და „გახარიას პარტიის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ხმების 12.2% მიიღო.