კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად დღეს მიმართავენ. კოალიციის ლიდერებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს „ალტერნატიული პარლამენტის“ შექმნის იდეაზე.
„დღეს ჩვენ ვაკეთებ განცხადებას, იმ გადაწყვეტილების უბრალოდ დაფიქსირებას ვაკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით პროცედურულად იმ იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმურია. ჩვენ მივმართავთ ცესკოს დღეს შესაბამისი დოკუმენტაციით სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ამავე დროს ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ეს არის ალტერნატიული პარლამენტის, პირობითი სახელია – სახალხო პარლამენტის შექმნის იდეა, იმ არჩეული და მოპარული ხმების დაანგარიშებით ადამიანების დეპუტატების საფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პირების აქტიური ჩართულობით, რომ შევქმნათ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, მოვთხოვოთ დასავლეთს ამ ცენტრის და ამ ალტერნატიული პარლამენტის აღიარება“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ლევან ცუცქირიძის განცხადებით, სიის ჩახსნა არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა სისრულეში მოჰყავთ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ამომრჩევლები და მოქალაქეები, რომლებიც ოპოზიციური გაერთიანებების მხარდამჭერები არიან არ დარჩნენ წარმომადგენლობითობის გარეშე.
„ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა როგორც ერთმანეთთან, ასევე სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ავიდეს პრინციპულად ახალ ეტაპზე, გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, ორგანიზებული და უფრო წარმომადგენლობითიც. ამიტომ ჩვენ ჩვენ პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს ვთავაზობთ ახალი წარმომადგენლობითი სტრუქტურის შექმნას, სახელზე შეიძლება ვიფიქროთ, შეიძლება ეწოდოს ალტერნატიული პარლამენტი ან წარმომადგენლობითი საბჭო ან რაიმე სხვა, ეს ბუნებრივია შეთანხმების საკითხია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ასეთი წარმომადგენლობითი ორგანო სამი მნიშვნელოვანი მიზნისთვის საბრძოლველად: პირველი, როგორც უკვე აღვნიშნე ეს არის უკეთესი წარმომადგენლობა, უკეთესი კოორდინაცია, უკეთესი ორგანიზაცია. მეორე ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია და ერთობლივი უფრო ორგანიზებული ფრონტით ბრძოლა იმისთვის, რომ ერთი მხრივ არ მოხდეს ამ გაყალბებული შედეგების ლეგიტიმაცია ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მიერ და მეორე, მოუწიოთ ფასის გადახდა დამრღვევებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს და მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ცენტრში, რომელიც უნდა იყოს როგორც რეალური ასევე სიმბოლური ცენტრიც სამოქალაქო წინააღმდეგობისა გაყალბების მიმართ, უნდა მოხდეს იმ ახალი ხედვების და პოლიტიკური პროგრამების, პოლიტიკური ხედვების შემუშავება, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ განაახლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები და შეასრულოს ის ვალდებულებები რომლებიც „ქართული ქარტიის“ მიხედვით აქვს აღებული ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს“, – თქვა ცუცქირიძემ.
„ძლიერი საქართველო“ ამ საკითხზე ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ფართო კონსულტაციებს სთავაზობს.