კოალიცია „ძლიერი საქართველო” აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის „უპირველესი დანიშნულება და მიზანი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის“ დევნაა.
განცხადება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის პროკურატურასთან წაიკითხა, სადაც დღეს ბადრი ჯაფარიძე მივიდა, სადაც მას წარდგენილი ბრალი ოფიციალურად გააცნეს.
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ უარი თქვეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ უკვე შეუფარდა 50-ათასლარიანი გირაო. ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მისთვის ბრალის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში იმსჯელებს.
„ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, სხდომებზე „გაჟღერებული ცრუ ბრალდებები თეა წულუკიანის დამაზუსტებელი „კითხვები“ და მის მიერ პროპაგანდისტულ ეთერში გაკეთებული მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შემლახავი ცილისმწამებლური, მუქარანარევი განცხადებები შესაძლოა, განვიხილოთ სასამართლოსთვის მითითებად“.
„არალეგიტიმურ პარლამენტში შეკრებილმა ივანიშვილის სადამსჯელო რუსულმა კომისიამ მიმდინარე სხდომებსა და პროპაგანდისტული მედიების ეთერებში მისი წევრების განცხადებებმა ღიად დაადასტურა, რომ ე.წ კომისიის მიზანია არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენად, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება.
საქართველოს რეალურ პროდასავლურ პოლიტიკურ კლასზე თავდასხმა და მისი განადგურების მცდელობა.
რუსული რევანში და კრემლის სახელით ქართული ჯარის დისკრედიტაცია და სახელმწიფოს გასამართლება.
დღეს უკვე აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის ე.წ შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ამ ორგანოს უპირველეს დანიშნულებად და მიზნად ძლიერი საქართველოს ლიდერების ლიდერების დევნას ისახავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს” განცხადების თანახმად, ისინი იდავებენ როგორც საქართველოს სასამართლოებში, ისე მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
„სანქცირებული მურუსიძის სასამართლოს პირობებშიც კი არ ვაპირებთ, სამართლებრივი რეაგირების გარეშე დავტოვოთ კომისიაზე და პროპაგანდისტულ მედიაში გაჟღერებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები.
ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეალური ზრახვები“, – აცხადებს კოალიცია.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შპს „მაგნატის” და მისი მესაკუთრე ჯემალ ლეონიძის საქმეების განხილვაზე დაიბარა.
არცერთი მათგანი სხდომაზე არ მივიდა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია” ჰქვია.
ამასთან, „ოცნების” დადგენილებით, კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე”.