„ძლიერი საქართველოს“ ქალი პოლიტიკოსები: ვთხოვთ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ ქალი პოლიტიკოსები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მოითხოვენ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.

ლანა გალდავას განცხადებით, მოითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ასევე სთხოვენ მზია ამაღლობეს, შეწყვიტოს შიმშილობა.

„მე-16 დღეა ამ კედლებში შიმშილობს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, 16 დღეა ჩვენ ოფიციალური უწყებებისგან არ მიგვიღია არც ერთი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების საცეცებმა, პროკურატურამ და სასამართლომ სამწუხაროდ ისედაც არაპროპორციული, გადაჭარბებული ღონისძიება მიიღეს მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. სინდისის პატიმრად წოდებული და უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ამ სტატუსით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელი შეიძლება გახდეს. მე-16 დღე უკვე არის კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეირყეს. მზიამ საოცარი სიტყვები უთხრა საზოგადოებას, რომ სიცოცხლეზე მეტია თავისუფლება, თავისუფლება ნამდვილად ყველაფერზე მეტია და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება ცოცხალი მზია ამაღლობელი, გვჭირდებიან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საპყრობილეში ამ რეჟიმის გამო არიან გამოკეტილები, ეს იქნება ვეფხია კასრაძე, ეს იქნება ანდრო ჭიჭინაძე, ზვიად ცეცხლაძე, გიორგი ახობაძე თუ ნებისმიერი სხვა, რომლებიც სწორედ უკანონო ხელისუფლების, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ არიან საპყრობილეებში გამოკეტილნი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობოს ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას, რა მდგომარეობაში იმყოფება, რა რისკები არსებობს მის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული. [..] ეს იქნება სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კონსილიუმი თუ იქნება თავად სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი სამონიტორინგო პროცესი, აუცილებელია, უახლოეს საათებში ვიცოდეთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე“, – თქვა ფიქრია ჩიხრაძემ.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.