„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

პუბლიკა

„ლელოს“, ანა დოლიძის, ლევან ცუცქირიძისა და ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური გაერთიანების – „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით გამყრელიძე იქნება.

დავით გამყრელიძე შტაბის ხელმძღვანელად გაერთიანების ლიდერებმა წარადგინეს.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა; ადამიანი, რომელსაც არასდროს, არც ერთი კრიტიკული სიტუაციის დროს არ დაუფიქსირებია ნეიტრალური პოზიცია; ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ქვეყნისთვის ბრძოლის წინა ხაზზე; ძალიან სერიოზული პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანი და მინდა, მადლობა გადავუხადო მას. დიდი ხნის მოლაპარაკებები დაგვჭირდა, მაგრამ ამ ბრძოლაში მან ითავა, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო“, – განაცხადა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

დავით გამყრელიძის განცხადებით, ამ გუნდში დიდი ინტელექტი, გამოცდილება და წარმატებული ისტორიებია გაერთიანებული და მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო. გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში რეალური ცვლილებებისთვის წინ ომი ელოდებათ და მისი ამოცანა იქნება კოალიციის კარგი შედეგი არჩევნებზე, ივანიშვილის ხელისუფლების დასრულება.

როგორც მან აღნიშნა, მისი ფუნქცია იქნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინირება.

დავით გამყრელიძის თქმით, შტაბის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება, მათი მუშაობის პრინციპი კი ღიაობაა და გამჭვირვალობა.

„ეს არ ნიშნავს რამე ფორმით ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებას, მე არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას, მე მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.