კოალიციამ „ძლიერი საქართველოსთვის” ცესკოს ახალ დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრა. განხილვა ხვალ, 20 აგვისტოს გაიმართება.
დადგენილება, რომელიც ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.
მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა.
ცვლილება ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი საარჩევნო უბანზე, ვინ იქნება რეგისტრატორი ან ვინ გაყვება გადასატან ყუთს.
ოპოზიციის განცხადებით, ეს წარმოქმნის კომისიის წევრების მიმართ ხელისუფლების ზეწოლის რისკს.
„ლელოს“ წევრი, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ერთპარტიული ცესკო „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დადგენილებებს იღებს.
„ეს გადაწყვეტილება ცესკომ პარასკევს მიიღო იმისთვის, რომ პროცედურულად მაქსიმალურად შეგვშლოდა ხელი გასაჩივრებაში, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, არ შევუფერხებივართ. გუშინ სასამართლოს მივმართეთ და ეს უკანონო დადგენილება გავასაჩივრეთ. ეს სარჩელი უკვე წარმოებაში მიღებულია და პროცესი ხვალ გაიმართება.
გიორგი სიორიძე ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციის კვოტით არჩეული მოადგილე იყო, თუმცა პარლამენტმა 2024 წლის თებერვალში დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობა გაუქმდა. სიორიძე რჩება ცესკოს წევრად.