„ძლიერი საქართველოსთვის" ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოსთვის” ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის ორგანიზაცია „ჯეოქეისთან” ითანამშრომლებს. „ჯეოქეისი” ანალიტიკური ცენტრია.

„ძლიერ გუნდს სჭირდება კონკრეტული გეგმა, კონკრეტული მიზანი, მიზანზე ყველა შეთანხმებული ვართ, ჩვენ გვჭირდება ევროპული, თანამედროვე, ეკონომიკურად სწრაფად მზარდი და არა მარტო ქვეყანა, ევროპაში სწრაფი ინტეგრაცია და ყველაზე მთავარი, ამ მიზანს სჭირდება კომპეტენტური ხალხი.

ამიტომ ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა,  იმ ადამიანების თანხვედრა მოვახდინოთ ამ გეგმის გარშემო, რომლებიც არიან თავისუფლები, არიან პროფესიონალები და მთელი თავიანთი ცხოვრება მიძღვნილი აქვთ თავისი საქმის კეთილსინდისიერად კეთებაზე. “ჯეოქეისთან” და ვიქტორ ყიფიანთან დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო გახდება”. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იქნებიან თუ არა ვიქტორ ყიფიანი და მისი გუნდის წევრი, გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე საარჩევნო სიაში — ხაზარაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

„საარჩევნო სიას წარვადგენთ, როცა ამისი დრო მოვა”. – თქვა ხაზარაძემ.

თავად ვიქტორ ყიფიანის თქმით კი, ისინი სიაში არ იქნებიან.

„ქართული პოლიტიკური კულტურისთვის ძალიან იშვიათი მიდგომაა, როცა შენ აზრს ეკითხები შენი პოლიტიკური გუნდის მიღმა. ჩვენი არსებითი ამოცანა არის განახლება. ქვეყანა საჭიროებს განახლებას, გადახალისებას”. – თქვა ყიფიანმა.

ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა, მათ შორის, „კრედიტ სუისის” წინააღმდეგ დავის დროს.

2023 წელს მან გააკრიტიკა რუსული კანონი და, ასევე, ირაკლი კობახიძის საუბრის ტონი და შინაარსი დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში, რასაც მალევე მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყიფიანი გაათავისუფლა.