„ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი“ | რას ამბობენ ოჯახის წევრები და ექსპერტი

პუბლიკა

„TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ გამოძიებას თუ რამე აინტერესებს შეუძლია გარდაცვლილის სამედიცინო ისტორიას გაეცნოს.

გარდაცვლილი ოპერატორის დედა ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას საავდმყოფოში უკეთებდნენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას.

„იქ [საავადმყოფოში] უკეთებდნენ სამი დღე, ყველა ვარიანტში ამოაგდებადა … ნარკოლოგი ვარ მე თვითონ, ვინ რას მასწავლეს”,- ამბობს გარდაცცლილის დედა.

„ნარკოტიკი რისთვის სჭირდებოდა, ნარკოტიკი ისედაც უკეთდებოდა კლინიკაში ამ ტკივილების შემდეგ. თუ ექსპერტიზას აინტერესებს რა ნივთიერებები უკეთდებოდა ამოიღონ ისტორია და წაიკითხონ, “- ამბობს გარდაცვლილის ახლობელი „TV პირველთან“.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში „TV პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ორჯერ გაიმართა და ექსპერტიზის დასრულებამდე, გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიაზეც ისაუბრეს. ასევე, გარდაცვლილის გადაადგილების ვიდეომასალა გაავრცელეს.

ექსპერტიზის პროცედურის დასრულების შემდეგ დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა დამოუკიდებელმა ესქპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ:

„გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ პაციენტის სამედიცინო ბარათი. ავადმყოფობის ისტორიის მონაცემებით, მას ჰქონდა საკმაოდ რთული ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში… ჩაუტარდა ოპერაცია. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი…  8 რიცხვში გაეწერა… დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა…

…თავის ტვინში არანაირი სისხლჩაქცევა, რომელსაც შეიძლებოდა გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე გვამის გამოკვლევის დროს, არ აღენიშნებოდა…

…არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. ამას ჯერ კატეგორიულად ვერ ვამბობთ… აღებული იქნა ამავდროულად კანზე არსებული უბანი, რომელიც მიუთითებდა (არაკატეგორიულად შემიძლია ვთქვა) გარკვეულ ინექციის კვალზე. თუმცა ამ და სხვა მიმართულებით საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, კატეგორიულად ვერ ვისაუბრებთ. უნდა ჩატარდეს საკმაოდ ბევრი ლაბორატორიული  და სხვა სახის კვლევა, რასაც სჭირდება საკმაო დრო”, – თქვა ალექსანდრე გეჯაძემ.


დღეს გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.