ძლიერმა ქარმა და წვიმამ საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმნა

პუბლიკა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, აჭარასა და კახეთში, პრობლემები შექმნა.

ქარმა ბათუმში მრავალსართულიან შენობებს სახურავი გადახადა, დააზიანა გარე განათების ბოძები, გაჩერებები და ხეები.

„ქალაქის გარკვეულ უბნებზე გარკვეყლი პრობლემები შეიქმნა. ძირითადად, ეს არის ინფრასტრუქტურული ნაწილი, სადაც დაზიანებულია დაახლოებით, 6 მრავალბინიანი სახლის სახურავები, წაქცეულია რამდენიმე ბოძი, 20-მდე ხე-მცენარე. მთელი ღამის განმავლობაში მერია საგანგებო რეჟიმზე იყო გადასული, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა ლევან დავითაძემ, ბათუმის ვიცე-მერმა.

დაზიანდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახურავიც.

„დაზიანებულია თუნუქის საერთო ფართის 2/3. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები და უნივერსიტეტის პერსონალი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად დაცული იქნას უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა, მოკლე დროში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად“, – გაავრცელა განცხადება ბსუ-მ.

მახინჯაურში ხემ გადამცემი ბოძები დააზიანა, რის გამოც თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა და მგზავრობა თითქმის 4-საათანი დაგვიანების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ქობულეთიც, მოგლეჯილია ხეები, გადახდილია სახლის სახურავები.

სტიქიას ებრძვის კახეთიც. ქარმა სახურავები გადახადა ყვარელში სახლებს.

საცხოვრებელი სახლები და ხეები დაზიანდა თბილისშიც.

თბილისის მერიამ ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის 21-ში არსებულ ვითარებაზე განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ქარმა სახურავი გადახადა სახლს, დაახლოებით, 70-80 კვ.მ ფართობზე. უამონდობის და დაბალი ხილვადობის გამო ღამით ვერ მოხერხდა სახურავუს მოხსნა, სამუშაოები დღეს დაიწყო.

„ნინოშვილის N21-ში მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას. დღესვე, მიიღება პრევენციული ზომები. გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში ახალი სახურავი მოეწყობა“, – განაცხადა მერიამ.